Logo

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თამბაქოს კონტროლის რეგულაციებზე ისაუბრეს 30.04.2018

title

 1 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევის აკრძალვის წესი ამოქმედდება.
 ამ საკითხს მიეძღვნა დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა. 
 საბჭოს სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმაციები რეგულაციის ამოქმედებისათვის ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე.
🔊 „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენი მწეველი მოქალაქეები სოლიდარულები უნდა იყვნენ არამწეველი მოქალაქეებისადმი. ამ რეგულაციების შემოღებით იცვლება სოციალური ნორმა და პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალური დაძაბულობის გარეშე მოხდეს ეს და მივიტანოთ იმ პერიოდამდე, როცა ყველა მოქალაქე, მათ შორის მწეველებიც, შეიგრძნობენ ამ კანონის სიკეთეს და თვითონვე მოახდენენ კანონის ამ ნორმების დაცვას ისევე, როგორც ეს მოხდა უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.