Logo

COVID-19, B და C ჰეპტიტების კვლევა 21.06.2021

title 2021 წლის 21 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) გაიმართა „საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევის“ საველე სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კვლევა ფინანსდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, CDC-ისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლებმა და სხვა ექსპერტებმა.

კვლევა დაიწყო დღეიდან და გაგრძელდება ორი თვის მანძილზე.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები).

აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.