title
„გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად“
2017 წლის 14 ივნისი - 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა უანგარო დონორის მიმართ, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. 2017 წლის კამპანიის სლოგანია „რა შეგიძლია გააკეთო? გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად“
2017 წლის კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისხლის უანგარო დონორობის მნიშვნელობას საგანგებო სიტუაციების დროს. კრიზისულ/საგანგებო სიტუაციებში ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა - რა შემიძლია გავაკეთო? როგორ შემიძლია დავეხმარო? აქედან გამომდინარე, 2017 წლის კამპანიის სლოგანია „რა შეგიძლია გააკეთო? „გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად“
სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში
2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.
პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე; ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას; დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას.
2017 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 13 სისხლის ბანკი. 2016 წელს პროგრამაში ჩართულ სისხლის ბანკებში განხორციელდა 80,361 დონაცია, მათგან 47,520 (59%) იყო კადრის დონორი, 12,460 - ნათესავი (15%) და 20,381 - უანგარო დონორი (26%). 2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან გაიზარდა 26%-მდე.
ძირითადი ფაქტები:
· მოსახლეობის 1%-ის მიერ სისხლის გაღება უზრუნველყოფს სისხლის საჭიროებაზე ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას
· ყოველწლიურად, მსოფლიოში 107 მილიონი სისხლის დონაცია ხორციელდება. დაახლოებით ნახევარი მაღალი შემოსავლების ქვეყნებში გროვდება (სადაც მსოფლიო მოსახლეობის 15% ცხოვრობს); ეს მაჩვენებელი თითქმის 25%–ით მეტია 2004 წლის დონაციის მაჩვენებელთან შედარებით (80 მილიონი დონაცია).
· დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დონორთა სისხლის 65% 5 წლამდე ასაკის ბავშებს ხმარდება; ხოლო მაღალი შემოსავლების ქვეყნებში სისხლის მარაგის დაახლოებით 76%–ს საჭიროებენ 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები
· ყოველ 1000 მოსახლეზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ხორციელდება 39.2 სისხლის დონაცია, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში - 12.6, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 4.0 დონაცია
· 2004 წლიდან 2011 წლამდე უანგარო დონაცია 7.7 მილიონით გაიზარდა. დღეს 71 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 90%–ს უანგარო დონორები უზრუნველყოფენ; თუმცა, 73 ქვეყანა კვლავ ოჯახის წევრებსა და ფასიან დონორებზეა დამოკიდებული
· 151 ქვეყნიდან მხოლოდ 41 ქვეყანა ამზადებს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს (PDMPs) პლაზმის ფრაქცირების შედეგად, მაშინ როდესაც 110 ქვეყანა აღნიშნული პრეპარატის იმპორტირებას ახდენს
· 62 ქვეყანაში სისხლის სარეზერვო მარაგის 100%-ს უზრუნველყოფენ უანგარო დონორები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია 2020 წლისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის შევსება ყველა ქვეყანამ უზრუნველყოს 100%-ით უანგარო დონაციის გზით
· 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდება დონორის სისხლის ტესტირება ერთი ან მეტი ტრანსფუზიის გზით გადამდებ ინფექციებზე (შიდსი, C და B ჰეპატიტი, სიფილისი)
· 106 ქვეყანას გააჩნია სისხლის კლინიკური გამოყენების სათანადო გაიდლანები, თუმცა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების 13%-ს სისხლის გადასხმის სრული პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესების (Haemovigilance) ეროვნული სისტემა არ გააჩნია
· სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა ყოველწლიურად უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია დედათა და პერინატალური დახმარების კუთხით
· ბევრ ქვეყანაში სისხლზე მოთხოვნა აღემატება არსებულ მარაგს და სისხლის ბანკები ხშირად აწყდებიან საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით
· ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.