title
ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან:
• ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები (დეჰიდრატაცია ვითარდება სწრაფად).
• ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.
• ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით.
• ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები).
• ჭარბი წონის მქონენი.
• ფიზიკური პირები, რომელთაც მუშაობა უწევთ არავენტილირებულ გარემოში.
• ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.
სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა:
• ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილობის პრევენციაში.
• დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავს დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში).
• შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი).
• მიიღეთ მინერალები და მარილები
• ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები.
• სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები.
• გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში და მოხუცებში, ცხელ ამინდში, სწრაფად ვითრდება დეჰიდრატაცია. ამიტომ, ხშირად შესთავაზეთ მათ სითხე.
• არ დატოვოთ ბავშვები და მოხუცები მანქანაში უმეთვალყურეოდ.
სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზეს, თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.
გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.
მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინე ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვი ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ:
• დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
• განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),
• გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.
დაიმახსოვრეთ:
• მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას
• არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები
მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
• ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები.
• 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
• შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
• საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
• ყურადღება მიაქციეთ^ ულტრაიისფერ (უი) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.
• ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის შჵფ (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
http://www.medicinenet.com/hyperthermia/page5.htm
http://cdc.gov/Features/ExtremeHeat/
http://www.infoplease.com/ipa/A0193634.html
http://www.gosunsmart.org/yourskin/yourskin_effects.shtml
http://www.emedicinehealth.com/sunburn/page5_em.htm