Logo

4 თებერვალი - კიბოს მსოფლიო დღეა „ამოვავსოთ ზრუნვის ხარვეზი“

title

კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის მიერ 2022-2024 სამწლიანი კამპანიის   საერთო სლოგანია „ამოვავსოთ ზრუნვის ხარვეზი“ (“Close the Care Gap”), რომლის პირველი წელი ეძღვნება ყველა ადამიანისათვის თანაბარი და სრულყოფილი ონკოლოგიური სერვისების მიწოდებაში არსებული პრობლემების, იმ ბარიერების შესწავლას და გადაწყვეტას, რომლებიც კიბოს მართვაზე უარყოფით გავლენას ახდენს.


კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირია (UICC), რომელიც 1993 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს და მხარს უჭერს კიბოსთან ბრძოლის  საზოგადოებებს, კიბოს გლობალური ტვირთის შემცირების მიზნით, ხელს უწყობს სამართლიანობას და თანასწორობას და კიბოს კონტროლის ინტეგრაციას ჯანმრთელობისა და განვითარების გლობალურ გეგმებში. 


კიბოს მსოფლიო დღე თითოეულ ადამიანს მიმართავს: შენ ხარ გმირი ამ ისტორიის, თითოეულ თქვენთაგანს აქვს ძალა, შეამციროს კიბოს განვითარების რისკი და შეამსუბუქოს დაავადების გამოსავალი საკუთარი, თქვენთვის საყვარელი ადამიანებისა და მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

 

მხოლოდ მაშინ, თუ გვექნება ვალდებულება, შევძლებთ ვიმოქმედოთ და დავაჩქაროთ პროგრესი. დროა, ავიღოთ პერსენალური პასუხისმგებლობა კიბოს წინააღმდეგ.


რა ხდება, როცა ვმოქმედებთ?


კიბოს შემთხვევების მესამედზე მეტის პრევენცია შესაძლებელია. კიდევ ერთი მესამედი შეიძლება განიკურნოს, თუ დაავადების ადრეული გამოვლენა და სათანადო მკურნალობა მოხდება.
პრევენციის, ადრეული გამოვლენის, სკრინინგისა და მკურნალობის რესურსების შესაბამისი სტრატეგიების განხორციელებით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

პროგრესი

დღეს ჩვენ ვიცით იმაზე მეტი კიბოს შესახებ, ვიდრე ოდესმე. 
კვლევასა და ინოვაციებში ინვესტიცირების გზით, მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები კიბოს მკურნალობასა და მართვაში.
რაც უფრო მეტი ვიცით, მით მეტ პროგრესს შეგვიძლია მივაღწიოთ რისკის ფაქტორების შემცირებას, კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის გაუმჯობესების მიზნით.

გავლენა

ბოლო წლების განმავლობაში, გაერომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს სხვა სააგენტოებმა აღიარეს გლობალური ვალდებულების გადაუდებელი აუცილებლობა. 
როდესაც ლიდერები საუბრობენ და მოქმედებენ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევამციროთ კიბოს რისკი სამყაროში.

თანასწორება

დღეს, კიბოს სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი (65%) მსოფლიოს ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონებში ვლინდება. 
კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ზრუნვის თანასწორმა ხელმისაწვდომობამ შეიძლება გადაარჩინოს მრავალი სიცოცხლე.

პაციენტის დაცვა ფიზიკური, მენტალური და ემოციური ზემოქმედებისგან 


კიბოს ხარისხიანი მოვლა უნდა მოიცავდეს ღირსების შენარჩუნებას, პატივისცემას, მხარდაჭერასა და სიყვარულს და ითვალისწინებდეს კიბოს არა მარტო ფიზიკური ზემოქმედებისგან დაცვას, არამედ თითოეული პაციენტის ემოციურ, სქესობრივ და სოციალურ კეთილდღობას.

უნარ-ჩვევების დეფიციტის აღმოფხვრა

კიბოს ხარიხიანი სერვისების მიწოდება გამოცდილ და  სათანადო უნარების მქონე  სამედიცინო მომსახურების მუშაკებს შეუძლიათ. კიბოს ადრეული სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეფექტურია შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე სამედიცინო პერსონალისა და საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტის აღმოფხვრა. 

ფინანსური და ეკონომიკური ტვირთი

კიბოს კონტროლის მიზნით რესურსების გამოყოფის აუცილებლობის შესახებ მყარი ფინანსური არგუმენტი არსებობს. ფინანსური ინვესტიცია შესაძლოა იყოს რენტაბელური და გააჩნია პოტენცია, გლობალურად დაზოგოს კიბოს მკურნალობისთვის საჭირო მილიარდობით თანხები და მოგების სახით გვთავაზობს გაზრდილ გადარჩენის მაჩვენებლებს, პროდუქტიულობასა და
სიცოცხლის გაუმჯობესებულ ხარისხს. 

თანამშრომლობა

სტრატეგიული მულტისექტორული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებებს, კომპანიებს, სააგენტოებს, მკვლევარებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, ეფექტური საშუალებაა ცნობიერების ამაღლებისა და
მხარდაჭერის, პოლიტიკური ნების ქმედით ღონისძიებებში ასახვის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. 

შეცვლა

კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ინფორმრებულობის და პოლიტიკური მხარდაჭერის ამაღლების გზით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ შიში, გავფანტოთ მითები და მცდარი წარმოდგენები და შევცვალოთ ქცევები და დამოკიდებულებები.
2020 წელს მსოფლიოში კიბოს 19.3 მილიონი (18.1 მილიონი შემთხვევა არამელანომური კიბოსა და ბაზალურუჯრედოვანი კიბოს გამორიცხვით) ახალი და სიკვდილიანობის 10 მილიონი შემთხვევა (9.9 მილიონი არამელანომური და ბაზალურუჯრედოვანი კიბოს გარეშე) გამოვლინდა. 


2020 წლის შეფასებითი მაჩვენებლების მიხედვით კიბოს ახალი შემთხვევების ნახევარი და სიკვდილიანობის 58.3% მოდის აზიაზე (სადაც მსოფლიო მოსახლეობის 59.5% ცხოვრობს), ავადობის 22.8% და სიკვდილიანობის 19.6% - ევროპის კონტინენტზე (ევროპის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 9.7%-ია), ხოლო ამერიკაზე - კიბოთი ავადობის 20.9% და სიკვდილიანობის 14.2%. სხვა რეგიონებთან შედარებით, კიბოთი სიკვდილიანობის წილი აზიასა და აფრიკაში მაღალია (58.3% და 7.2%), ვიდრე ავადობის წილი (49.3% და 5.7%, შესაბამისად). ამის მიზეზი ამ რეგიონებში კიბოს ტიპების განსხვავებული განაწილება და სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლებია.


კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემები, საქართველო, 2020


ყველა ლოკალიზაციის კიბოს 9435 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე - 253.5. 
ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 54% გამოვლინდა ქალებში, ხოლო 46% – მამაკაცებში. 
ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული ხუთი ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადება იყო ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, კოლორექტული, საშვილოსნოს ტანის, საშვილოსნოს ყელის კიბო. 
მამაკაცთა შორის ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ხუთი ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადება იყო: ტრაქეა/ბრონქები/ფილტვის, პროსტატის, შარდის ბუშტის, კოლორექტული  და ხორხის კიბო. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
https://www.worldcancerday.org/
https://www.ncdc.ge/#/pages/file/664f9c5c-397b-429e-a691-e32022ac1035
https://www.ncdc.ge/#/blog/blog-list/6bdd9e23-a308-4b52-ba23-5616809a679e