Logo

გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის კურსი

title

2019 წლის 9 და 10 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით იმართება კურსი საშუალო და მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის თემაზე: „გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია“. 


დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე ჯანმრთელობის საკითხების აქტუალობამ და მისი მაღალი რანგის შეხვედრების დღის წესრიგში შეტანამ განაპირობა დიპლომატიის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კავშირი და ახალ ჭრილში განხილვა. დღესდღეობით, ჯანმრთელობა და მასთან ასოცირებული  პრობლემები საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია და აერთიანებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საერთაშორისო, მენეჯმენტი / ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკისა და ქცევითი მეცნიერებების დისციპლინებს. ამასთან ერთად, ჯანმრთელობის დიპლომატია კიდევ უფრო აქტუალურია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე და ხელს უწყობს მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას. აღნიშნული საკითხი

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჯანმრთელობის საკითხებზე გლობალური ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებისას, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების ჩართულობით მიმდინარე სესიები, როდესაც ერთიან სივრცეში იკრიბებიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი, ფონდები და აკადემიური წრეები, რათა წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში.

კურსის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მოხელეები სახელმწიფო უწყებებიდან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. სწავლებას წარუძღვებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჟენევის საერთაშორისო და განვითარების სწავლებების ინსტიტუტის (Graduate Institute of International and Development Studies) გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები.