Logo

პროფესორ ლოთარ იეგერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამსახურებული დოქტორის წოდება მიენიჭა 30.04.2018

title

2018 წლის 30 აპრილს თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში, ალეგოლოგიის კათედრის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა პროფესორ ლთარ იეგიერთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული ალერგოლოგიის სკოლის ფუძემდებლის პროფესორ გურამ გურგენიძის ოჯახის წევრები.

პროფესორი ლოთარ იეგერი კერძო ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ის ამჟამად 84 წლისაა. დიდია მისი დამსახურება ქართული ალერგოლოგიური სკოლის განვითარების წინაშე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში) მიმდინარეობდა, იყო ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობა ალერგოლოგიის კათედრასა და გერმანიის იენის უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტს შორის, რომელსაც საქრთველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი გურამ გურგენიძე, გერმანიის მხრიდან - პროფესორი ლოთარ იეგერი, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ პასუხისმგებელი შემსრულებელი.

აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 1979 წელს, როდესაც ქ. სოხუმში ალერგოლოგიის კათედრის, საკავშირო ალერგოლოგიის ცენტრის ორგანიზებით და პროფესორ ლოთარ იეგერის ინიციატივით პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა სოციალისტური ქვეყნების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 400 მონაწილემ, მათ შორის - 70-მდე უცხოელმა (დასავლეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები).

1983 წელს ალერგოლოგიის კათედრასა და იენის უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს ჯანდაცვისა და საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროების მიერ.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში 1990 წლამდე მიმდინარეობდა ორივე ინსტიტუტის თანამშრომლების ურთიერთგაცვლა ხანგრძლივვადიანი სტაჟირებებით გერმანიასა და საქართველოში, ერთობლივი შრომების შესრულება, ჩატარდა რამოდენიმე ქართულ-გერმანული კონფერენცია ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის თითქმის ყველა თანამშრომელი რამოდენიმეჯერ ამ პერიოდში ეზიარა მდიდარ გერმანულ გამოცდილებას  ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში.

აღნიშნულმა თანამშრომლობის პროექტმა საუძველი დაუდო სამედიცინო ინსტიტუტის ოფიციალური კონტაქტების დამყარებას გერმანიის სამედიცინო წრეებთან 80-იან წლებში, სპეციალურად გაძლიერდა ეს მიმართულება უცხო ენათა კათედრაზე (ქალბატონ მანანა ქუთელიას ხელმძღვანელობით) და თანდათან მოხდა მეტი ინტეგრირება გერმანულენოვან სამედიცინო სამყაროსთან, რომელიც მოგეხსენებათ ამჟამად საკმაოდ მაღალ დონეზეა.

პროფესორი ლოთარ იეგერი გახლდათ იმ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეცნიერი, ექიმი და პედაგოგი ალეგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში. მის კალამს ეკუთვნის მრავალი  შრომა და მათ შორის რამოდენიმე გამოცემა ყველაზე უფრო პოპულარული და ფუნდამენტური  გერმანულენოვანი ორტომეული სახელმძღვანელოსი „კლინიკური იმუნოლოგია და ალერგოლოგია“, რომლის რამოდენიმე გამოცემა არსებობდა სხვადასხვა ენაზე.

გამომდინარე მისი დიდი დამსახურებიდან ქართული ალერგოლოგიური სკოლის განვითარების წინაშე პროფესორ ლოთარ იეგერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.