title
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 22 დეკემბერს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
სკრინინგი ჩაუტარდათ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სკრინინგი ჩატარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილურ ამბულატორიებში, რომლებიც გადაადგილდებიან ქალაქებსა და სოფლებში.
სკრინინგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დაადგინონ აქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში დროულად დაიწყონ მკურნალობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. უფასო სკრინინგის აქცია დაიწყო 9 ნოემბერს და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში.
მოქალაქეებს უფასო სკრინინგი შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ორსულებისთვის ექიმთან პირველი ვიზიტის ფარგლებში C ჰეპატიტის სკრინინგი გახდა უფასო.
უფასო სკრინინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს აქვს თუ არა C ჰეპატიტი, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა და განხორცილედეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მთავარი მიზანი- დაავადების სრული აღმოფხვრა საქართველოში.