Logo

29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“

title

2022 წლის 29 მარტს, 15:00 საათზე სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დღეს 

„საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“


ეს დღე ყოველ წელს სხვადასხვა პრიორიტეტული თემის გაცნობით აღინიშნება. წელს იგი საზოგადოების ჩართულობას ეძღვნება, ვინაიდან საზოგადოების როლი და პოზიტიური გავლენა გადამწყვეტია თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის.

გააძლიერე ჩართულობა - შეცვალე ჩვევა !

ამ სლოგანით გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე. პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად თითოეული ადამიანის ჩართულობა, ინიციატივა და კანონის აღსრულება მნიშვნელოვანია. გვახსოვდეს, რომ თითო მოქალაქის ჩვევა ქმნის საზოგადოების ქმედებას.

სამოქალაქო სექტორის აქტიური ნაწილისა და მედიის ერთობლივი ქმედებებითა და ძალისხმევით შესაძლებელია მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა თითოეულ ადამიანზე და შევცვალოთ მავნე ჩვევა, ეს უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოს და მომავალი თაობების სწორ დამოკიდებულებას თამბაქოს მოხმარების მიმართ. ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევქმნათ საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდა კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, საგადასახადო და ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსები). საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ტვირთის შემცირების კუთხით. კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და ყველა მიმართულებით აჭარბებს 90%-ს, ხოლო აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.

2021 წლის ბოლოს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც კრძალავს მოწევას ტაქსებში, გემსა და სხვა სანაოსნო საშუალების დახურულ სივრცეში, რომელიც გამოიყენება ადამიანების გადასაყვანად შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ; ასევე, კერძო ავტომობილებში მასში არასრულწლოვანის ყოფნისას. ამავე ცვლილებებით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები, რაც უკავშირდებოდა თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი აკრძალვის აღსრულების საკითხებს სავაჭრო ობიექტებში, ელექტრონულ მედიაში და სხვა. ასევე, არსებული საჭიროების შესაბამისად, გამკაცრდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევაზე თამბაქოს კონტროლის კუთხით.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია (FCTC) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2003 წელს შეიმუშავა და დღეს იგი უკვე 168 ქვეყანას აერთიანებს. ჩარჩო-კონვენცია მოიცავს რიგ საკითხებს: თამბაქოს მოხმარებისა და პრევენციის პოლიტიკის მონიტორინგი, მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოზე თავის დანებების დახმარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს ზიანის შესახებ, თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და ეტიკეტის კონტროლი; თამბაქოზე გადასახადების გაზრდა და სხვა.

საქართველო ჩარჩო-კონვენციის  ხელმომწერი ქვეყანაა 2005 წლიდან და ევროპის რეგიონში სერიოზულ პროგრესს მიაღწია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით; თუმცა, კვლავ რჩება რიგი საკითხები, რაც საჭიროებს მეტ ყურადღებას. იმისთვის, რომ ქვეყანაში თამბაქოს მომხმარების მაჩვენებლები შემცირდეს, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც საზოგადოებას, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს.

 

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და, ამავდროულად, პრევენტირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემიაა უკავშირდება ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ადამიანის სიკვდილი, მათ შორის 1.2 მილიონი არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში სიტუაცია ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 25%- აღწევს, ანუ ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით და მათგან 2 100 პასიური მწეველია.

ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 31%-დან (STEPS 2016) 28.2%-მდე (ტაქსებში მოწევის კვლევა, TTS 2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 18%-დან (ESPAD 2015) 11%-მდე (ESPAD 2019); ჩილიმის მოხმარება – 33%-დან 15%-მდე და E-სიგარეტის – 19%-დან 7%-მდე. მნიშვნელოვნად შემცირებულია თამბაქოს მოხმარება სამსახურსა და სახლში. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მწვავე მდგომარეობების (მიოკარდიუმი ინფარქტი; ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი) გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ზრდასრულებში და ბრონქული ასთმის შემთხვევების სიხშირე ბავშვებში..

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების ფონდთან ერთად 2017 წელს განხორციელებული საინვესტიციო შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ ქვეყანაში პირდაპირი (ჯანდაცვის ხარჯები) და არაპირდაპირი (ნაადრევ სიკვდილსა და მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) დანახარჯები 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.

თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს. თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით ქვეყის უკუგება 5 წელიწადში იქნება 161 ლარი და 15 წელიწადში კი 357 ლარი.

 

შემოგვიერთდით! ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს თამბაქოს კვამლის გარეშე!

 

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03

მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ.16