Logo

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

title

24 მარტს 15:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით, გაიმართება ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, სლოგანით:

დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 მარტს. 2023 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, სლოგანით „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“, ყურადღებას ამახვილებს რესურსების ინვესტიციაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციების უფრო სწრაფად დანერგვასა და მულტისექტორულ თანამშრომლობაზე. 

ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვის არის გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამიზნე.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება 2015 წელთან შედარებით. 2022 წელს შემცირება ძირითადად შეეხო წამლისადმი რეზისტენტული  ტუბერკულოზის შემთხვევებს. სულ წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 1635 პაციენტი, მათ შორის 173 ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით.

ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად, პაციენტები იღებენ ფულად მხარდაჭერას, მკურნალობისადმი კარგი დამყოლობის უზრუნველსაყოფად. დანერგილია მკურნალობის ხანმოკლე, სრულად ორალური რეჟიმები, რაც ხელს უწყობს მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 87%-ს, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის წარმატებულმა შედეგებმა 75%-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლებთან შედარებით.

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მისამართი: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი 64ა

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი!