title
2020 წლის 2 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა პროექტის ,,გაფართოებული წვდომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინოვაციურ სერვისებზე” წარდგენის პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე/ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. ასევე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში და დარგის ექსპერტები.
UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის. ონლაინ პლატფორმა ასევე საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესს. ამ მექანიზმის გამოყენებით საქართველოს მედიკოსები აიმაღლებენ პროფესიულ კვალიფიკაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში და მიიღებენ პროფესიულ რჩევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა ნია გიუაშვილმა წარადგინა პროექტის გაფართოებული წვდომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინოვაციურ სერვისებზე” პრეზენტაცია. გაიმართა პროექტის პირველი ტრენინგის მონაწილე კლინიკის წარმომადგენლების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალი.