2017 წლის 29 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე
29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ხელმძღვანელი პირები, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიაში შემავალი სამინსტროების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და სტუდენტებმა. გარდა ამისა, პრეს-კონფერენციას დაესწრნენ გაეროს განვითარების პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასების საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები.
პრეს-კონფერენციის ძირითადი თემა იყო თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა.
მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარების გამო, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად; დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% კი ქალებზე მოდის.
საქართველოში მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS, 2010) მონაცემებით მწეველობის გავრცელება საქართველოს მოზრდილ მოსახლეობის 30%-ს შეადგენდა, მწეველი იყო მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. 2016 წელს ჩატარებული იგივე კვლევის წინასწარი მონაცემებით სიტუაცია გაუარესდა - ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33% ეწევა, თამბაქოს მოიხმარს მამაკაცების 57% და ქალების 7% (STEPS, 2016).
მიუხედავად თამბაქოს წინააღმდეგ დაწყებული ინტენსიური ბრძოლისა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ჯერ-ჯერობით ადგილი არ ჰქონია; პირიქით, შეიმჩნევა მატების ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ქალებში.
უკიდურესად მნიშვნელოვნია თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დროული დამტკიცება და მათი დანერგვა, რათა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.