Posted on:
1/22/2022
title
2022 წლის თემაა
ჯანმრთელი საზოგადოება, ჯანმრთელი ბავშვები
HEALTHY COMMUNITIES, HEALTHY BABIES
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე აღინიშნება აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ამერიკის პედიატრთა აკადემიის და ტერატოლოგიის ორგანიზაციის პარტნიორობით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თანდაყოლილი ანომალიების გამომწვევი მიზეზებისა და მათი გავლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა აქტივობების გზით.
თანდაყოლილი ანომალიები გლობალური პრობლემაა, იგი საჭიროებს ძვირადღირებულ სამედიცინო მზრუნველობას, პერსპექტივაში გრძელვადიან უარყოფით გავლენას ახდენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, ჯანმრთელობის სისტემაზე და, ზოგადად, საზოგადოებაზე. თანდაყოლილი ანომალიების ყველაზე ხშირი გამოვლინებებია: გულის თანდაყოლილი მანკები, ნერვული ღეროს დეფექტი და დაუნის სინდრომი. საბედნიეროდ, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებით თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. თუმცა, ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს კვლავაც ჭირდებათ დახმარება. ისინი მუდმივად საჭიროებენ სპეციალიზებულ მკურნალობას, ზრუნვის ხანგრძლივ პერიოდს და, ასევე, ძლიერ სოციალურ მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს მათი სიცოცხლის ხარისხი. იმისათვის, რომ შევძლოთ თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებულ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, საჭიროა მოსახლეობის განათლება თანდაყოლილი ანომალიების შესახებ.
ახალშობილთა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალშობილებში ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისციდოზისა და სმენის სკრინინგი. ასევე ხდება ანტენატალური სკრინინგი მაღალი რისკის ორსულებში:
გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით;
სკრინინგით ვერიფიცირებული ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით
სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტზე და სიფილისზე
ცნობილია, რომ ყველა თანდაყოლილი დეფექტის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ჯანმრთელი ნაყოფის დაბადების შესაძლებლობების გაზრდა მიღწევადია ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით.
საჭირო რჩევები თანდაყოლილი ანომალიების რისკების შესამცირებლად:
ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელია ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობისას პირველი 12 კვირის განმავლობაში. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს B ვიტამინს, რომელიც ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკებს;
ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული კონტროლი:
ექიმის მუდმივი კონტროლი წონასთან დაკავშირებული პრობლემის ან დიაბეტის შემთხვევაში.
აუცილებელია მემკვიდრეობითი პრობლემატიკის ცოდნა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია;
ანტენატალური მეთვალყურეობა: აუცილებელია ორსულთა ანტენატალური მომსახურების მინიმუმ 8 ვიზიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, დაავადებების პრევენციას, ორსულისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და რეკომენდაციებს;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა: ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებისაგან თავის არიდება და ჯანსაღი კვება.
თუ ორსულად ხართ ან გემავთ ორსულობას, რეკომენდირებულია გრიპისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის ჩატარება, ექიმთან კონსულტაცია დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ვაქცინების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ. CDC რეკომენდაციით, ორსულს შეუძლია ჩაიტაროს ვაქცინაცია ინაქტივირებული (დახოცილი) გრიპის ვაქცინით. სწორი ვაქცინაცია, სწორად შერჩეულ დროს, თქვენი და ახალშობილის ჯანმრთელობის გარანტიაა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრიპის ინფექციისგან თავის დასაცავად. იგი იცავს როგორც დედას, ისე ნაყოფს მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ამცირებს გრიპთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიც არის ცხელება, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს ნერვული ღეროს დეფექტსა და სხვა არასასურველ შედეგებთან ახალშობილის განვითარების პერიოდში.
ორსულებში მოსალოდნელია მძიმე გართულებები COVID-19-ის დროს. თუ ორსულად ხართ, მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაცია ორსულებს იცავს COVID-19-ის ინფექციის რთული ფორმებისგან. ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ პირად ექიმს, თუმცა ვაქცინაციის ჩატარებისთვის ეს სავალდებულო არ არის.
წყარო: http://www.nbdpn.org/bdpm.php