Logo

ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების ევროპის პაციენტების ასოციაციების ფედერაციის (EFA) მიერ ორგანიზებული “შესაძლებლობების განვითარების და ადვოკატირების” შეხვედრა

title

2019 წლის 8 ივლისს გაიმართა ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების ევროპის პაციენტების ასოციაციების ფედერაციის (EFA) ორგანიზებით, საქართველოში ასთმისა და ალერგიის პაციენტთა ასოციაციის დაფუძნებისა და ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა 
“შესაძლებლობების განვითარების და ადვოკატირების” შეხვედრა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ასთმისა და ალერგიის საქართველოს პაციენტთა ასოციაციის სტრატეგიის შემუშავებაში მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

შეხვედრას ესწრებოდნენ და პრეზენტაციები წარადგინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ჯუზეპე დე კარლომ (EFA), სოფია რომაგოზა (EFA), პროფესორებმა მაია გოთუამ, მაია რუხაძემ, თინათინ ცომაიამ, ია შალამბერიძემ, ანა მაზანიშვილმა.

150 მლნ ევროპელს აღენიშნება ქრონიკული ალერგიული დაავადება. 2025 წლისათვის ევროპის მოსახლეობის 50% დაავადებული იქნება ალერგიით. დღესდღეობით 100 მლნ ევროპელს დასმული აქვს ალერგიული რინიტის დიაგნოზი, 70 მლნ-ს - ასთმის, 17 მლნ-ს - კვებითი ალერგიის, ხოლო 8%-ს - ანაფილაქსიის.

2012 წლის საერთაშორისო ISAAC კვლევის მონაცემებით საქართველოში სკოლის მოსწავლეთა შორის ასთმის სიმპტომების პრევალენსი შეადგენდა - 9.3%-ს, რინოკონიუქტივიტის - 6.75%-ს, ხოლო ატოპიური დერმატიტის - 4.05%-ს.

ქვეყანაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ასთმისა და ალერგიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახების განათლება და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის, პაციენტთა დამყოლობისა და ადექვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობის მისაღწევად.

ევროპის ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების პაციენტების ასოციაციების ფედერაცია (EFA) არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ევროპის ასთმის, ალერგიისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პაციენტებს წარმოადგენს. პაციენტთა ორგანიზაციები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში, მაგრამ რესურსების და დაფინანსების სიმწირის გამო, ეს ორგანიზაციები ხშირად უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, პაციენტთა ორგანიზაციებს პოტენციურად უფრო მეტი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპის ჯანდაცვის სფეროში.