Logo

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები

title

30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რიგი ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში. შედეგად, კანონი უფრო დაიხვეწა და კიდევ უფრო დაუახლოვდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით (FCTC) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ცვლილებების თანახმად 2022 წლის 1 იანვრიდან:
  • მოწევა აიკრძალა ტაქსებში. კანონის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო მძღოლი კანონის აღუსრულებლობის ან მისი მხრიდან მოწევის შემთხვევაში 200 ლარით.
  • მოწევა აიკრძალა ყველა სანაოსნო საშუალების დახურულ სივრცეში. კანონის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო სანაოსნო საშუალების მფლობელი 500 ლარით.
  • მოწევა აიკრძალა არასრულწლოვანი მგზავრების თანდასწრებით კერძო ავტომობილებში. კანონის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო მძღოლი კანონის აღუსრულებლობის შემთხვევაში 50 ლარით ან მისი მხრიდან მოწევის შემთხვევაში 100 ლარით.
  • მოწევა აიკრძალა საბაგირო ტრანსპორტში. კანონის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო კომპანია კანონის აღუსრუელებლობის გამო 500 ლარით.
  • სავაჭრო ობიექტი თამბაქოს ნაწარმის პოპულარისაციის ან მარკეტინგის ნებისმიერი სახით დაშვების შემთხვევაში დაჯარიმდება 5 000 ლარით.
  • ციფრულ მედიაში თამბაქოს ნაწარმის ან ბრენდის რეკლამა/პოპულარიზაცია (როგორც დამკვეთი, ასევე განმახორციელებელი) ჯარიმდება 5 000 ლარით.
  • სკოლებიდან ან სკოლამდელი დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის საჯარიმო სანქცია გაიზარდა 500 ლარამდე.
  • კანონში დაემატა ტერმინი „ბრენდის გაფართოება“, რაც ითვალისწინებს თამბაქოს პროდუქტების ნებისმიერი არაპირდაპირი გზით პოპულარიზაცია/რეკლამის აკრძალვას და ჯარიმდება 5 000 ლარით.

გამეორებითი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები ორმაგდება.

მნიშვნელოვაია აღინიშნოს, რომ თამბაქოს ნაწარმში შედის როგორც სიგარეტი, ასევე ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო (მაგ. IQOS) და ჩილიმი.

საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიასთან (2021-2025) და სამოქმედო გეგმასთან. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი გააგრძელებს დახვეწას სანამ სრულ თანხვედრაში არ მოვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეკომენდაციებთან და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან.