Logo

სტატია საქართველოს შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ბიულეტენში

title

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ყოველკვარტალური ბიულეტენის ზაფხულის გამოცემაში სპეციალური სტატია დაეთმო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.


ევროკავშირის არა-წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების შეფასება გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის (ANECC) სფეროში
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC), საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დასახელებულ პარტნიორებთან ერთობლივად და ევროკიმისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით (DG SANTE და TAIEX) გეგმავს შეფასების მისიის განხორციელებას საქართველოში, რომელიც 2019 წ. 11-15 ნოემბერს არის დაგეგმილი. მიმდინარე წლის ივნისში უკვე გაიმართა ორი მოსამზადებელი აქტივობა: 17 ივნისს თბილისში განხორციელდა კონსულტაციები ANECC პროცესსა და მექანიზმებზე, ხოლო 27 და 28 ივლისს ლუქსემბურგში გაიმართა ვორკშოპი, ტრანსსასაზღვრო კონტექსტში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საფრთხეებთან დაკავშირებულ ევროკავშირის კანონმდებლობასა და საქართველოს კანონმდებლობას შორის შესაბამისობის ცხრილთანდაკაშირებით. დამატებით, ECDC თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში განხორციელებულ ერთობლივ გარე შეფასებაში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნა ორგანიზებული მიმდინარე წლის 11-14 ივნისის პერიოდში.
2019 წლის 11-12 ივლისს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა საქართველოში 2 დღიანი ვიზიტი განახორციელა, რომლის ფარგლებში, ის შეხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ზაზა ბოხუას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ გიორგი ხანიშვილს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს. ECDC-ის დირექტორმა მოინახულა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, სადაც ის შეხვდა ცენტრის ხელმძღვანელობას, სტრუქტურული ერთეულების ხელმღძვანელებს და წარა მოხსენება ECDC-ის ფუნქციებისა და განხორციელებული სამუშაოს თაობაზე.
2019 წლის 15-17 ივლისს ECDC-ის ორგანიზებით სტოკჰოლმში გაიმართა „გადამდები დაავადებების შეფასების წინა ვორკშოპი“, რომელიც წარმოადგენდა საქართველოში დაგეგმილი შეფასების მისიის მოსამზადებელ ღონისძიებას. სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები საქართველოდან და შეფასების მისიის წევრები, რომელთა შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები და ECDC-ის თანამშრომლები. ექსპერტებს შორის მოხდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა დაგეგმილი შეფასების შესახებ, ასევე, ინფორმაციის გაცვლა გადამდები დაავადებების მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და პროცედურების თაობაზე და საქართველოში გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის არსებული სისტემების ორგანიზებისა და ფუნქციების შესახებ. ასევე შედგა იმ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების სია, რომელთა მონახულება უნდა განხორციელდეს შეფასების ვიზიტის ფარგლებში.