Posted on:
4/22/2017
title
2017 წლის 19-23 აპრილს, ამსტერდამში, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ღვიძლის საერთაშორისო კონგრესში, რომელზეც სპეციალური სესია დაეთმო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით არსებული მიღწევების განხილვას. კონგრესის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვირუსულ ჰეპატიტებზე ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების მიზნით. 2016 წლის ივლისში ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად დააარსა პირველი გლობალური მოძრაობა „NOhep“. ამ მოძრაობის მიზანია დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ვირუსული ჰეპატიტების სტრატეგიის სამიზნეების მხარდაჭერა. Nohep მოძრაობა განაგრძობს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციაში მონაწილე დაინტერესებული მხარეების ჩართვას და 2017 წელს გეგმავს „NOhep Visionaries“ პროგრამის დაარსებას. პროგრამა მიზნად ისახავს მთავრობის, სამედიცინო პერსონალისა და ახალგაზრდობის ჩართვას იმ სექტორებში, რომლებსაც გააჩნია პირდაპირი გავლენა დაავადების ელიმინაციის პროცესზე. NOhep Visionaries პროგრამის წარმომადგენლები არიან ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მსოფლიო ლიდერები. ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსმა საქართველო, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანა, ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი შრომის გამო წარადგინა პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატად და შესთავაზა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის როლი. NOhep Visionaries ემსახურება ქვეყანაში არა მხოლოდ ჯანმრთელობის გამოსავლების შეცვლას, არამედ ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების გეგმის განხორციელებას და უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანმრთელობას. პროგრამა NOhep Visionaries ოფიციალურად ძალაში შევა ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე 2017 წლის ნოემბერში.