Logo

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე 5 მაისი, 2023 წ „ერთად დავაჩქაროთ ქმედება“

title

ყოველწლიურად, 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღეს გლობალური კამპანიის ეგიდით „გადაარჩინეთ სიცოცხლე: დაიცავით ხელების ჰიგიენა“ აღნიშნავს.

გლობალური კამპანიის მიზანია ჯანდაცვის პერსონალში ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის ხაზგასმა და, აგრეთვე, გლობალური ძალისხმევის და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ხელების ჰიგიენის გასაუმჯობესებლად ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ადგილებზე. ჯანმო მოუწოდებს ჯანდაცვის დაწესებულებებსა და მათ პერსონალს უზრუნველყონ ხელების ჰიგიენის ეფექტურად განხორციელება საჭირო დროს და სრული პროცედურის დაცვით.

2023 წლის ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღის სლოგანია, „ერთად დავაჩქაროთ ქმედება“, რაც ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციის დასაჩქარებლად, უსაფრთხოებისა და ხარისხის კულტურის შესაქმნელად ჯანდაცვის  სერვისების მიწოდების ადგილებზე, რაშიც ხელების ჰიგიენას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

  პარტნიორობა ქმედებაში: ხელების ჰიგიენის,
ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების დასაჩქარებლად


ხელების ჰიგიენის დაცვა ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ადგილებზე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას  უწყობს ხელს. ინვესტირება ხელების ჰიგიენის გასაუმჯობესებლად გონივრული ინვესტიციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი უკუგება მოაქვს. ჰიგიენური მოვლა (clean care) პატივისცემის გამოხატვაა მათთვის, ვინც სერვისს საჭიროებს, იცავს მათ ჯანმრთელობას და, ამასთან, იცავს პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან პაციენტის მოვლის პროცესში.
 
სწორედ ახლა, COVID-19-ის  პანდემიის გამოცდილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა გააძლიერონ ინვესტიციები ინფექციების პრევენციის და კონტროლის (IPC) მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ მიმართულებით პროგრესი საჭიროებს აჩქარებას.

2023 წლის ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღის აღნიშვნისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მათ როლზე.

ჯანდაცვის მუშაკების, პოლიტიკის შემქმნელებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ძლიერი  ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ქმედებების დაჩქარება ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციის მიზნით და ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჯანდაცვის მიწოდების სერვისების ადგილებზე.

https://www.who.int/campaigns/world-hand-hygiene-day/2023