title
2019 წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით
ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში
შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სურსათის ეროვნული სააგენტოს , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის ( კოპენჰაგენი , დანია ) წარმომადგენლები .
2018 წელს , ცენტრი შეუერთდა აღნიშნულ გლობალურ ინიციატივას და უკვე მეორედ ატარებს ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს .
შეხვედრაზე განხილულ იქნება ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა , როგორც მსოფლიოში , ისე საქართველოში . ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და დაიგეგმება საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები .
ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია გაერთიანებულ ჭრილში აღიქვამს ადამიანს , ცხოველებსა და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას , შესაბამისად , აღნიშნული მიდგომა აუცილებელია ზოონოზური დაავადებების ჭეშმარიტი ტვირთის განსაზღვრისა და შემცირებისათვის .
საქართველოსთვის აღნიშნული კონცეფცია ახალი არ არის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან - სურსათის ეროვნული სააგენტოსა (NFA) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან (LMA).
მიმდინარე წელს , აქცენტი გაკეთდება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ( ამრ ). მოგეხსენებათ , რომ ამრ - ი ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია . ამრ - თან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა გლობალური სტრატეგიაა , რომელიც ეფუძნება მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მედიცინის , ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის . ამრ - ის საწინააღმდეგო გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ( ჯანმო ) მიერ , გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით . აღნიშნული სამოქმედო გეგმა ერთხმად მიღებულ იქნა 2015 წლის მაისში ჯანმო - ს მსოფლიო ანსამბლეაზე . საქართველოს ამრ - ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიაც , რომელიც დამტკიცებულია 2017 წლის 11 იანვრის მთავრობის განკარგულებით , ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას და სხვა საკითხებთან ერთად , სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენების შესწავლას და მათ შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას .
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 5 95 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31
მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99