title
2019 წლის 18-20 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით გაიმართება
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრა
შეხვედრას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი და ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ს, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან. ასევე, დარგის ექსპერტები საქართველოდან.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.
წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.
C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიცირება ხორციელედბა, რომელიც ყველაზე ახლოსაა სკრინინგის სამიზნე მაჩვენებელთან და სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებით უფასო მკურნალობის პროგრამით მოცვა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. არსებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა სულ 1,7 მილიონ ზრდასრულ ადამიანს (სამიზნე მაჩვენებლის 61% შესრულდა), პროგრამაში ჩართულია 63 ათასამდე პაციენტი (სამიზნე მაჩვენებლის 49% შესრულდა), დაასრულა მკურნალობა 57 223-მა, განკურნების მაჩვენებელი 98.7%-ია.
18 ნოემბერს გაიმართება სამეცნიერო სიმპოზიუმი, სადაც ქართველი ექსპერტები მრჩეველთა ჯგუფს წარუდგენენ წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს, 19-20 ნოემბერს კი განიხილავენ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოებს, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის პროცესის შემდგომი ფაზების შესახებ.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა, პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის სწორი მიმართულებისა და ახალი პერსპექტივების დასახვის საწინდარია.
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103