Logo

წითელა საქართველოში - მიზეზები და შეჩერების გზები

title


საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები დაიწყო 1968 წლიდან. 2004 წლიდან იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში დაინერგა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა (წწყ). 21-ე საუკუნეში წითელას ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლებში შედარებით სუსტ იმუნიზაციის პროგრამას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ კოჰორტებში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომლებიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ - ბავშვთა ასაკში ვაქცინაციით მოცვის არასათანადო მაჩვენებელს. სწორედ ამით აიხსნება წითელას შემთხვევების მატება  2004-2005 წლებში, როდესაც აღირიცხა დაავადების 8391 შემთხვევა, უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში და გარდაცვალების 9 შემთხვევა.

2008 წელს ჩატარდა წითელას აცრების მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებში აიცრა  6-27 წლის ასაკის ნახევარ მილიონამდე ადამიანი, ნავცლად 1 მილიონისა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი,  უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.

აფეთქების კუპირების მიზნით, 2013 წლიდან წწყ ვაქცინის დამატებითი დოზა უფასოდ მიეწოდა 200 000-ზე მეტ არასრულად აცრილ, არავაქცინირებულ და აცრის უცნობი სატატუსის მქონე მოქალაქეს. პარალელურად აცრები ტარდებოდა 1 და 5 წლის ასაკში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად. ჩტარდა ტრეინინგები სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის - წითელას მართვისა საკითხებზე, დაინერგა წითელას პჯრ კვლევის შესაძლებლობა, მომზადდა  ეპიდზედამხედველობის სახელმძღვანელო, ქვეყანა უწყვეტად იყო მომარაგებული ჯანმოს პრეკვალიფიცირებული წწყ ვაქცინით. წითელასა და თანდაყოლილი წითურას ელიმინაციის მიზნით გასატარებელი საჭიროებები გახდა სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტი, კერძოდ, ქვეყანა შეისყიდის არამარტო გეგმიური ვაქცინაციისთვის დაგეგმილ ვაქცინას, არამედ დამატებითი იმუნიზაციის საჭიროებებსაც და ყოველ დამატებით ვაქცინაციაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იღებს 1 დამატებით ლარს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა წითელას გავრცელების ფარდობითი კუპირება. კერძოდ, 2016 წელს აღირიცხა მხოლოდ 14 შემთხვევა, 2017 წლის იანვარ-ივლისში აღირიცხა წითელას მხოლოდ 4 შემთხვევა, მაგრამ აგვისტოდან ადგილი ჰქონდა ეპიდაფეთქებებს ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარში. სულ 2017 წელს გამოვლინდა წითელას 96 შემთხვევა.  2018 წლიდან წითელას შემთხვევები გავრცელდა მთელს საქართველოში და წლის ბოლოსთვის დაავადებულთა რიცხვმა 2200-ს გადააჭარბა, რომელთა შორის 3 დასრულდა ლეტალურად.

პროცესები იგივენაირად განვითარდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც 2017 წელს დაფიქსირდა დაავადების  41 000 და გარდაცვალების 37 შემთხვევა. 2016 წლიდან ევროკავშირი არეგისტრირებს წითელასთან ასოცირებული სიკვდილის 57 შემთხვევას.


საქართველოში, 2017-2018 წლებში გარდა გეგმიური ვაქცინაციისა, დამატებით წითელას კომპონენტიანი ვაქცინით აიცრა კიდევ 46 000-ზე მეტი მოქალაქე, თუმცა არც ეს რაოდენობაა საკმარისი წითელას პოპულაციურ იმუნიტეტში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, შესაბამისად წითელას გავრცელების პროცესის შეკავება ვერ მოხერხდა და 2018 წლის ბოლოდან კვლავ დაიწყო წითელას გავრცელბის ტემპის მატება. 2019 წლის პირველ 3 კვირაში უკვე გამოვლენილია წითელას 300-ზე მეტი შემთხვევა.

2018 წლიდან დაწყებული,  გავრცელების ინტენსივობა მეტნაკლებად ცვალებადია რეგიონების მიხედვით, თუმცა შემთხვევები გვხვდება ყველგან. 2019 წლის პირველ 3 კვირაში ყველაზე მაღალია გავრცელება სამეგრელოში  (ინციდენტობა 20,5 – 100 000 მოსახლეზე), იმერეთში (ინციდენტობა 12,7 – 100 000 მოსახლეზე), თბილისსა (ინციდენტობა 10,05 – 100 000 მოსახლეზე) და კახეთში (ინციდენტობა 9,7 – 100 000 მოსახლეზე)

საქართველოში წითელას გავრცელება განსაკუთრებით მაღალია 1 წლამდე ასაკისა და 20-40 წლის ასაკში, რასაც კლებადობით მოსდევს 5-14 და 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფები.

წითელას გავრცელების შეკავების მიზნით, ეფექტურად ხორციელდება და ზრდის ტენდენციაა გეგმიური იმუნიზაციის მხრივაც და 2017 წელს  წწყ ვაქცინის პირველი დოზით (12-24 თვის ასაკის ბავშვები) მოცვის მაჩვენებელი - 95%, 2018 წელს გაიზარდა - 98,8%-მდე, ხოლო ვაქცინის მეორე დოზით მოცვა (5-6 წლის ასაკის ბავშვები) თუ 2017 წელს იყო - 90%, 2018 წლის ბოლოს მიაღწია 95,5%-იან სამიზნეს.

ძირითადი გზავნილები

  • წითელას გავრცელება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვანია.

  • ისევე როგორც ევროპაში, ჩვენთანაც 2017 წლის ბოლოდან დაიწყო  და გრძელდება წითელას შემთხვევათა მატება.

  • ევროპის რეგიონში დაფიქსირდა დაავადების  41 000 და გარდაცვალების 37 შემთხვევა.

  • წითელა კლავს!

  • რაოდენობრივად ყველაზე ბევრი შემთხვევა გვხვდება 20-40 წლის ასაკში;

  • დაავადების გავრცელება ყველაზე მაღალი 1 წლამდე ასაკის ბავშვებშია, ეს ასაკი ყველაზე უფრო მოწყვლადია წითელას გართულებების თვალსაზრისით. 1 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე დაუცველნი არიან წითელას მიმართ! მათი დაცვა წითელასგან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში მაღალი იქნება .. კოლექტიური იმუნიტეტი, რაც შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას!

  • თუ გსურთ იხსნათ წლამდე ასაკის ბავშვთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა - იგრძენით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაიტარეთ ვაქცინაცია მათმა მშობლებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა, ექიმებმა, მეზობლებმა, უბრალოდ თანამოქალაქეებმა!

  • საზოგადოებაში წითელას მიმართ  იმუნური ფენის შექმნის მიზნით აუცილებელია, რომ გარდა ბავშვებისა, მოზრდილი მოსახლეობაც ერთხელ მაინც იყოს აცრილი წითელას კომპონენტიანი ვაქცინით.

  • წითელას შემთხვევები მაღალია 1-4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში.  გადაამოწმეთ თქვენი შვილის აცრის სტატუსი და ჩაუტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით!

  • მოზრდილი  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა   არ იცის როგორია მისი აცრის  სატატუსი წითელას მიმართ, ანუ არ იცის აცრილია თუ არა სიცოცხლეში ოდესმე.

  • ქვეყანაში ჩატარებულმა უახლოესმა  კვლევამ   აჩვენა, რომ 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს  და   41 წლამდე მოქალაქეთა 8%- არ აქვს იმუნიტეტი წითელას  მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჩატარებია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიცოცხლის მანძილზე. სწორედ ეს  ადამიანები ავადებიან წითელათი ყველაზე ხშირად და საფრთხეს  უქმნიან როგორც საკუთარ,  ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!  

  • საქართველოში 20-40 წლის ადამიანთა რაოდენობა, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ 123 000-ზე მეტია.

  • თუ დანამდვილებით არ იცით თქვენი ვაქცინაციის ისტორია, არ გადადოთ, აიცერით!

  • გახსოვდეთ, წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს! დაიცავით თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი მომავალი დედები ამ დაავადებისაგან. წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება - ვაქცინაციაა! გაითვალისწინეთ, მინიმალური რეკომენდებული ინტერვალი ჩატარებულ  აცრასა და  ორსულობას შორის არის 3 თვე

  • მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

  • დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც  არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში  წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით - დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამცრელი უბნები მომარაგებულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.


წითელასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა! პროცესის შეკავების სხვა ალტერნატივა არ არსებობს!