Logo

სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები

title

1. ზოდგადი მიმოხილვა - ტერმინი, სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა აერთიანებს კვებით ტოქსიკოინფექციებს და ტოქსიკოზებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კვებითი ტოქსიკოინფექციები მეტ–ნაკლები სიხშირით რეგისტრირდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ზოგადად, მთელს მსოფლიოში აღინიშნება ავადობის მატება, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია კვების ინდუსტრიალიზაციით. საქართველოში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის ინციდენტობა საკმაოდ მაღალია. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ყოველწლიურად აღირიცხება 30000-მდე პაციენტი.
2. გამომწვევი აგენტი - დაავადების გამომწვევთა ძირითადი ჯგუფებია: ენტეროტოქსიგენური სტაფილოკოკები, პროტეუსი, ენტეროკოკები, სპოროვანი აერობები და ანაერობები და სხვა. გამომწვევი აგენტების შესაბამისად გვაქვს სტაფილოკოკური ეტიოლოგიის, პროტეუსით, ცერეუსით გამოწვეული ტოქსიკოინფექციები და სხვა. ამავე ჯგუფში გაერთიანებულია საკვებში არსებული ბიოლოგიური/ქიმიური ნივთიერებებით მოშხამვებიც.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ბაქტერიებითა და მათ მიერ პროდუცირებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვები პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის: ძირითადად ხორცი და ხორცის პროდუქტები,  რძე და რძის ნაწარმი, თევზეული, ბოსტნეული, სოკო, კრემიანი ნამცხვრები და სხვა.
4. რეზერვუარი - ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს ადამიანი და ცხოველი (ავადმყოფი და ბაქტერიამტარებელი). ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესი ვითარდება ბაქტერიებით ინფიცირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიული მასის და/ან მათი ტოქსინების, აგრეთვე საკვებში არსებული ბიოლოგიური/ქიმიური მომშხამავი ნივთიერებების მოხვედრის შემდეგ. 
5. გადაცემის გზები - ალიმენტარული (საკვებისმიერი ან წყლისმიერი).
6. ინკუბაციური პერიოდი - საკვებში მზა ტოქსინის არსებობა განაპირობებს დაავადების მოკლე ინკუბაციურ პერიოდს. კუჭის ლორწოვან გარსზე ტოქსინის ზემოქმედებიდან კლინიკური სიმპტომების განვითარებამდე საჭიროა საშუალოდ 30 წუთიდან - 6 სთ. 
7. გადამდებლობის პერიოდი - არ შეესაბამება.
8. მიმღებლობა - პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა დაავადების პათოგენეზი და კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტოქსინის სახეობაზე, რაოდენობაზე და ასევე ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე. 
9. კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები (წინასწარი) - საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საკვების დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ეტაპებზე სანიტარული და ჰიგენური ნორმების მკაცრი დაცვა.
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - კლინიკურად, დაავადებას ახასიათებს უეცარი დაწყება, მწვავე ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში,  გულისრევა და ღებინება (მრავალჯერადი), ზოგჯერ შემცივნება, მკვეთრად გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, დიარეაით ან მის გარეშე, იშვიათად კოლაფსი. დიაგნოზი ემყარება კლინიკურ-ლაბორატორიულ მონაცემებს. დამახასიათებელი ნიშანია მოკლე ინუბაციური პერიოდი და ყველა სიმპტომის სწრაფი განვითარება. დიაგნოზი ასევე ემყარება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებსაც: დაავდების ერთდროული დაწყება რამდენიმე ადამიანში, ერთი და იგივე საკვების გამოყენების შემდეგ. პაციენტმა/პაციენტებმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და ადექვატური მკურნალობის დაწყება. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიულად. საკვებისმიერი მოშხამვების ლაბორატორიული მ.შ. ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის გამოიყენება პირნაღები მასა, კუჭის ამონარეცხი, ნარჩენი საკვები პროდუქტები, ფეკალური ნიმუშები. 
სავარაუდო საკვებისმიარი მოშხამვა, დაავადების ჯგუფური შემთხვევის დროს (3 და მეტი ადამიანი), ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით. ასევე ყველა საეჭვო შემთხვეა ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში. ჯგუფური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს კვლევას ეპიდაფეთქებათა კვლევის სტანდარტული მიდგომით.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით ინფექციის წყაროს და ეპიდემიოლოგიური კავშირების დადგენა;
სანიტარული და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა: ხელის დაბანა, ხელთათმანის გამოყენება. მწვავე ინფექციური დაავადების მქონე პირმა არ უნდა მოამზადოს კერძები. სამზარეულოში სანიტარული ნორმების დაცვა. საკვები პროდუქტებისა და მზა კერძების შენახვა სათანადო ტემპერატურაზე გამოყენების ვადების დაცვით.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - საკვებისმიერი (მ.შ. ბაქტერიული) მოშხამვებით  მოსახლების მასობრივი დაავადება შესაძლოა განვითარდეს წყალდიდობების, წყალმოვარდნების და სხვა ბუნებრივი ან ხელოვნული კატაკლიზმებისას, საკვები პროდუქტების დაბინძურების შედეგად.

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ეტაპებზე სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენული წესების სრულყოფილად დასაცავად, ადექვატური რჩევა-რეკომენდაციების შემუშავება და გავრცელება. 
რეალიზაციის ეტაპზე გამოვლენილი საფრთხის შემცველი საკვები პროდუქტი ექვემდებარება განადგურებას/გადამუშავებას - შესაბამისი ექსპერტული რეკომენდაციების საფუძველზე.