Logo

პრესრელიზი - 17.06.2019

title

2019 წლის 17 ივნისს 13:00 საათზე,არტ-ჰაუზი - პუბლიკაში“ (სახვითი ხელოვნების მუზეუმი)  გაიმართება   პრეკონფერენცია სახელწოდებით

სისხლის დონორის მსოფლიო დღე

პრესკონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, უანგარო დონორობის მხარდამჭერი ორგანიზაციები, უანგარო დონორები, უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე და ლიცენზირებული სისხლის ბანკების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

პრესკონფერენციაზე მოხდება სისხლის უანგარო რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოება სიგელებით. ასევე, 2019 წლის უანგარო დონაციის საკომუნიკაციო კამპანიისა და უანგარო დონორობის საპოპულარიზაციო ვებ-გვერდის სატესტო რეჟიმში წარდგენა.  

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

2011 წლიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით. 2019 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში 16 სისხლის ბანკი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2018 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8%-იდან 28%-მდე გაიზარდა. 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით  უანგარო ოდნაციათა რაოდენობა 30%-ს შეადგენს.

2019 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა “უსაფრთხო სისხლი ყველასათვის”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ სისხლის უანგარო რეგულარული დონორობით ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სისხლის უსაფრთხოების განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, 2020 წლისთვის, სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.

უანგარო რეგულარული დონაცია სისხლის უსაფრთხოების და მუდმივი ხელმისაწვდომობის გარანტი და ამასთანავე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტრადიციულად, დონორის მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდება.  


ძირითადი ფაქტები სისხლის უანგარო დონაციის შესახებ:

  • სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.

  • სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

  • დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის B და C ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.

  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.

  • სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.

  • ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.

  • სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.

  • სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.

  • სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

  • სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.

  • სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.

  • ყველაზე საამაყო და საპატიოა სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა.

  • ყველა ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.


რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

  • სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე

  • თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.

  • ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

  • საქართველოში სისხლის გადასხმა  წელიწადში 20 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება, საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი.

  • გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა.

  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.


ვებ გვერდი - www.ncdc.ge   

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),


მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ. #18

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431