title
2016 წლის 25 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით
აცერი და დაიცავი
შეხვედრას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისი მერიის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, აშშ დაავადებათა კონტროლის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები.
მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2016 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, რომლის ფარგლებში ახორციელებს ფართო მასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს
იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).
იმუნიზაცია იცავს იმ დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობის და სიკვდილისაგან, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია ვაქცინებით. მათ შორისაა დიფთერია, ყივანახველა, В ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტეტანუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო;
საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად, 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შერჩეულ ასაკებში იმუნოპროფილაქტიკის წარმოება. პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა (მათ შორის როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო, ინაქტივირებული და ბივალენტური პოლიოვაქცინები 2012-2016 წლებში):
2016 წლის იმუნიზაციის კვირეული მიეძღვნება წითელასა და წითურას ელიმინაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და სირთულეებს ევროპის რეგიონში;
წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა;
2014 წელს გლობალურად დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 114 900 შემთხვევა. 2000-2014 წწ.. პერიოდში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილობა შეამცირა 79%-ით და თავიდან აგვაცილა გარდაცვალების 17,1 მლნ შემთხვევა. ამის საფუძველზე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად.
საქართველოში 2013-2014 წლებში წითელას ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა 11 000 შემთხვევა და 3 გარდაცვალება. 2015 წელს რეგისტრირებულია წითელას 431 შემთხვევა. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე - 11,5. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ინციდენტობა შემცირდა 86,5 %-ით. ლეტალური გამოსავალით დასრულდა დაავადების ერთი შემთხვევა .
ვაქცინაციით მართვად დაავადებათა შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა აზრი, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში.
კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით.
იმუნიზაცია გადაარჩენს სიცოცხლეს! იმუნიზაციის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა დანარჩენი პროგრამა აზრსდაკარგავდა!
ჩვენ არამხოლოდ ჩვენი შვილების დასაცავად ვიცრებით. ჩვენ, აგრეთვე, ვიცრებით ჩვენი შვილიშვილების და მათიშვილთაშვილების დასაცავად!
ჩვენ ვიცრებით, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი!
მისამართი: თბილისი, ასათიანის #9
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431