title
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით (Nairovirus) Bunyaviridae-სოჯახიდან. ვირუსის გადაცემა ხდება იქსოიდური ტკიპების კბენის შედეგად. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს 10-40% სიკვდილიანობით. ისენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც, 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15 შემთხვევა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
CCHF ვირუსის მტარებლები (რეზერვუარები) არიან გარეული (ძირითადად მინდვრის თაგვები) და შინაური ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა, ფრინველებიდან კი - სირაქლემა. ცხოველებში ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ტკიპისკბენის შედეგად.
CCHF ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი ჰქონდა იმ პირებში, რომლებიც ჩაბმული იყვნენ შინაური საქონლის ინდუსტრიაში. ესენია, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. საავადმყოფოსთან ასოცირებული ინფიცირება შესაძლებელია სამედიცინო მოწყობილობის არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დაბინძურების შემთხვევაში.
დაავადების ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაინფიცირების ტიპზე. ტკიპის კბენით დაინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 1-3 დღემდეა, მაქსიმუმ 9 დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტისას ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 5-6 დღემდეა, მაქსიმუმ 13 დღე.
დაავადების სიმპტომების გამოვლენა იწყება უეცრად. აღინიშნება: ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები. CCHF–ის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 30%–ს და გარდაცვალება ხდება ავადმყოფობის მეორე კვირას. გამოჯანმრთელებისას, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება ძირითადად დაავადების გამოვლენიდან მე–9-10 დღეს.
CCHF–ის ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ რამოდენიმე ლაბორატორიულ ტესტს. CCHF ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი (როგორც ორალური, ასევე ინტრავენური ფორმით). მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი ეფექტურია.
CCHF ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში რთულია, ვინაიდან შინაურ ცხოველებში ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვაქცინა ჯერჯერობით ცხოველებისათვის არ არსებობს. ფართოდ ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არც ადამიანისათვის არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ CCHF–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც მიღებულ იქნა თაგვის ტვინიდან, აპრობირება გაიარა და შემდგომ მცირე მასშტაბით გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ფოკუსირებულია რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:
1. რისკ ჯგუფებში (რომლებიც ჩაბმული არიან შინაური საქონლის ინდუსტრიაში: სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები) ინფექციის ტკიპიდან ადამიანზე ტრანსმისიის (გადაცემის) რისკის შემცირება შემდეგი გზებით:
- ·ღია ფერის, დამცავი ტანსაცმლის (გრძელი სახელო, გრძელი შარვალი) ტარება, რათა იოლად მოხდეს მასზე ტკიპის აღმოჩენა ან/და დაცვა ტკიპის კბენისგან. ;
- ·ტანსაცმელზე ნებადართული აკარიციდების (ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება ტკიპების გასანადგურებლად) გამოყენება;
- ·რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები რეგულარულად უნდა იყვნენ გამოკვლეულნი კანისა და ტანსაცმლის ტკიპების არსებობაზე;
- ·ტკიპების გასანადგურებლად სისტემატიურად უნდა კონტროლდებოდეს მათი არსებობა ცხოველებზე, საჯინიბოებსა და ბეღლებში;
- ·რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები ტკიპებისათვის შედარებით უფრო აქტიურ სეზონში განსაკუთრებულად უნდა მოერიდონ მათ ადგილ–სამყოფელში ყოფნას.
2. ინფექციის ცხოველიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
- ·ენდემურ ზონებში, სასაკლაოებსა და სახლებში, ცხოველებთან ან მათ ქსოვილებთან შეხებისას, განსაკუთრებით დაკვლისა და დახარისხებისას, ხელთათმანებისა და სხვა დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა;
- ·სასაკლაოებში ცხოველების შეყვანამდე მათი კარანტინში გატარება ან ორი კვირით ადრე პესტიციდებით მკურნალობა.
3. საზოგადოებაში ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
- CCHF–ით ინფიცირებულთან ახლო ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება;
- ავადმყოფის მოვლისას, ხელთათმანებისა და დამცავი პირბადის გამოყენება, ხელების რეგულარული დაბანა.
ინფექციური კონტროლისათვის შემუშავებული რეკომედაციები, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების მქონე ან მასზე საეჭვო პაციენტების მოვლისას, უნდა ეფუძვნებოდეს ებოლასა და მარბურგის ჰემორაგიული ცხელებისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში CCHF–ის ზედამხედველობის, დიაგნოსტირების შესაძლებლობებისა და ეპიდაფეთქებზე რეაგირების მხარდასაჭერად.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა კვლევისა და კონტროლის ხელშეწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნა მემორანდუმი ჯანდაცვაში სტანდარტული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სისხლით გადამდები და სხვა პათოგენების ტრანსმისიის რისკის შემცირებას.