title
ყვავილი
1. ზოგადი მიმოხილვა - მძიმე, მწვავე ვირუსული დაავადება, გამოხატული გამონაყრით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დაავადება გადადის პროდრომულ ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა 2-4 დღეა. მისთვის დამახასიათებელია გრიპისმაგვარი სიმპტომები: მაღალი ცხელება, თავბრუსხვევა, თავის და ზურგის ტკივილი, ზოგჯერ მუცლის ტკივილი და ღებინება. შემდეგი ფაზაა გამონაყრის ფაზა, რომელიც 21 დღე გრძელდება.
დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად დასნებოვნებული შემთხვევა იყო 1977 წელს.
1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე გაკეთდა განცხადება მისი ერადიკაციის შესახებ. მსოფლიოში ყვავილის გამომწვევის ორი საცავია: აშშ-ში, ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში და რუსეთში, ნოვოსიბირსკის რეგიონში კოლცოვოს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის ცენტრში
მაღალი ვირულენტობის, დაავადებისათვის დამახასიათებელი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ყვავილის გამომწვევი ვირუსი მიჩნეულია ადამიანების მასიური განადგურების პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად.
- 2. გამომწვევი აგენტი - Orthopoxvirus-ს გვარის ორი სახეობის ვირუსი :Variola major და Variola minor
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტი.
4. რეზერვუარი - ყვავილის ვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარია ადამიანი.
5.გადაცემის გზები - გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად სასუნთქი გზებით, იშვიათად დაზიანებულ კანთან კონტაქტით.
6. ინკუბაციური პერიოდი - 7-19 დღე, საშუალოდ 12 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი - გამონაყრის დაწყებიდან პირის ღრუში, ყველა ქერქის მოცილებამდე.
8. მიმღებლობა - ყვავილის საწინააღმდეგო იმუნიზაციის დაწყებამდე - საყოველთაო. 1978 წლის შემდეგ ადამიანის შემთხვევა არ არის ცნობილი. ყვავილის ერადიკაციის შემდგომ შეწყდა რა ყვავილის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, არავაქცინირებულ პირებში- საყოველთაოა.
9. კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები (წინასწარ რა უნდა გაკეთდეს)
ü ვაქცინაცია;
ü საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება
ბ) პაციენტის და კონტატების კონტროლი (ვის უნდა შეატყობინონ და ა.შ.): პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება, მისი დაუყოვნებლივი იზოლაცია და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ყვავილი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.
ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) შესაბამის ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. ასევე უნდა განხორციელდეს კონტაქტების დროული გამოვლენა, მათი იზოლაცია და ვაქცინაცია.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ყველა შემთხვევის სწრაფი გამოვლენა, კარანტინი, რგოლური ვაქცინაციის სტრატეგის განხორციელება.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - არ შეესაბამება
ე) საერთაშორისო ღონისძიებები - ყვავილი ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.