Logo

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, 24 მარტი, 2020 წ

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოცხადებულია 24 მარტი, იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია  და საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.  

ამ დღის აღნიშვნის მიზანია მოახდინოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე ტუბერკულოზი მძიმე ზეგავლენის შესახებ და ასევე, ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერება.

ტუბერკულოზი წამყვანია მსოფლიოში ინფექციური დაავადებებით სიკვდილის მიზეზთა შორის.  ტუბერკულოზისგან ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანი ავადდება და 4000-ზე მეტი იღუპება. 2000 წლიდან ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევის შედეგად 58 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. 

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი ჯერ კიდევ აღემატება ევროპის რეგიონის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით 2019 წელს, საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2335 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 1801 ახალი შემთხვევაა. სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით. 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაღალი ტვირთის გამო ტუბერკულოზმა წამყვანი საერთაშორისო  ორგანიზაციების და მთავრობათა ყურადღება მიიქცია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა გაეროს პირველი მაღალი დონის შეხვედრა ტუბერკულოზის აღმოფხვრის შესახებ, სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა აიღეს მკაცრი და ფართომასშტაბიანი  ვალდებულებები ამ მიმართულებით.

2020 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ტარდება სლოგანით „დროა“, რომელიც ფოკუსირებულია ლიდერების მიერ აღებული გლობალური ვალდებულებების სწრაფ აღსრულებაზე:

  • პრევენციასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

  • დიაგნოსტიკისა და აღრიცხვიანობის გაზრდა;

  • საკმარისი და სტაბილური დაფინანსების უზრუნველყოფა, მათ შორის სამეცნიერო კვლევებისთვის;

  • სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა;

  • პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის  ხელშეწყობა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანაბარუფლებიანობაზე.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, დაზარალებულ თემებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის პროვაიდერებს და ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებს, შეუერთდნენ მოძრაობას „გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე“.

მოქმედების დროა! დროა, დასრულდეს ტუბერკულოზი.

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/03/24/default-calendar/world-tuberculosis-day-2020

ტრადიციულად, საქართველო უერთდება ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნას:

  • 24 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილი დისტანციური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • 15:00 საათზე „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზი“-ს ინიციატივით გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში ჩაერთვებიან საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში მონაწილე მხარეები.

  • სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდება ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილი აქტუალური მესიჯები