Logo

რა არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

title

რა არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება ოთხვალენტიანი ვაქცინით, (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA) .
აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს (6, 11, 16 და 18) . 
ვაქცინა მაღალეფექტურია - აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციის და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული კიბოს შემთხვევები.

რა ასაკში ტარდება აპვ-ს საწინააღმდეგი ვაქცინაცია?

საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია 10-11 -12 წლის ასაკის გოგონებში ტარდება. აცრა ორჯერადია და დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 6 თვეს. 


თუ თქვენი გოგონა 12 წელზე უფროსი ასაკისაა?


თუ თქვენი გოგონა 13-დან 18 წლამდე ასაკისაა და ჯერ არ ჩაუტარებია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია,  მას აცრის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში:
13-დან 15 წლამდე გოგონებისათვის საჭიროა ორჯერადი ვაქცინაცია სულ მცირე 6 თვიანი შუალედით
15-დან 18 წლის გოგონებისათვის საჭიროა სამჯერადი ვაქცინაცია, შემდეგი გრაფიკით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

როგორია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების პრინციპი?

ვაქცინა, აპვ ინფექციის იმიტირებით ეხმარება ორგანიზმს განავითაროს იმუნიტეტი აპვ-ის მიმართ. ვაქცინის მხარში ინექციის შემდეგ, თქვენი იმუნური სისტემა იწყებს იმუნური პასუხის განვითარებას  და წარმოქმნის ანტისხეულებს. წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება და მზად არის განავითაროს საპასუხო რეაქცია რეალური აპვ ინფექციის დროს.  

ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს და შესაბამისად, არ შეუძლიათ გამრავლება ან დაავადების გამოწვევა. 

აპვ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინაა. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს უვითარდება საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.  

როგორ ხდება აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა?

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო    აცრა კეთდება მხარზე დელტისებური კუნთში; 
10 - დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე.
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში  აცრების კურსი არის სამდოზიანი;
აცრები კეთდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. 
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;
ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი

საიდან ვიცით რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა?

აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენება 2006 წლიდან - მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მილიონზე მეტი დოზით 1 
ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს ახორციელებს არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებასდა რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას
კვლევებით დასტურდება, რომ  აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვიათრებას გრძლვადიან პერსპექტივაში.

შეიძლება აპვ ვაქცინამ გამოიწვიოს უშვილობა გოგონებში? 


არა. კვლევებით დადასტურებულია, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ახდენს გავლენას გოგონას მომავალ ორსულობებზე. ის ასევე არ მოქმედებს ვაჟების ფერტილობის უნარზე. 
პირიქით, ვაქცინაცია აპვ ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების პრევენციის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია და იცავს თქვენ გოგონას საშვილოსნოს ყელის კიბოს, უნაყოფობისა და სიკვდილისაგან. 


შეიძლება აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის დროს?


ორსულობის დროს აპვ ვაქცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დადგენილი ორსულობის დროს ვაქცინაციის სერიის დაწყება უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე. თუმცა, ორსულობის ტესტი ვაქცინაციამდე არ არის საჭირო. 
თუ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის სერიის დაწყების შემდეგ დადგინდა, რომ ქალი ორსულადაა, მეორე და/ან მესამე დოზები უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე.  
თუ ქალი ჩაიტარებს აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინას და მოგვიანებით გაიგებს, რომ ორსულადაა, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. აპვ ვაქცინაცია არ არის დაკავშირებული ორსულობის არასასურველი შედეგების ან გვერდითი მოვლენების გამოწვევასთან და არ უქმნის რისკს ნაყოფს ან დედის ჯანმრთელობას.
ყველას, ვინც გაიგებს, რომ ორსულად არის, როდესაც მიიღო აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, დამატებითი კონსულტაციისათვის შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახის ექმის ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, სადაც ჩაიტარა ვაქცინაცია.
აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ნებისმიერი  არასასურველი მოვლენის შესახებ (მ.შ. ოსრულებში), უნდა ეცნობოს ოჯახის ექმის ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, სადაც ჩაიტარა ვაქცინაცია.
როგორია აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენები?

აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრის შემდეგ შესაძლებელია  ჩვეული გვერდითი მოვლენები განვითარდეს, როგორიცაა:
თავის ტკივილი, 
ცხელება, 
გულისრევა 
თავბრუსხვევა;
ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, შეშუპება, ერითემა,ქავილი და სისხლჩაქცევები)

ეფექტურია თუ არა აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა?


აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია  გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაათავის მხრივ, თითოეული ვაქცინირებული პირი ხელს უშლის ვირუსის სხვა ადამიანზე გავრცელებას.
მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო. ის დანერგილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი და სხვა. 
განვითარებულ ქვეყნებში (მ.შ. ავსტრალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიაში)  ათწლეულების მანძილზე  ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში 90%-მდე შემცირდა აპვ-ით გამოწვეული ინფექციები.
აპვ ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, თითქმის 100%-ით იცავს ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი - როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ქალებისათვის - რადგან, აპვ ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესი და არა ყველა შემთხვევის პრევენაციას უზრუნველყოფს. ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, კომბინაციაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან სათანადო დაცვას განაპირობებს.