title
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ
გამოცხადებულია 24 მარტი იმ მოვლენის აღსანიშნავად, როდესაც რობერტ კოხმა
აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა და საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე არის
შესაძლებლობა საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად ტუბერკულოზის
ჯანმრთელობის, მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგებისა და საფრთხის
შესახებ, რაც ახლავს წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმებს. ეს
დღე ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასრულებას.
2022 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემა - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“ -
ყურადღებას ამახვილებს რესურსების ინვესტირებაზე, რაც აუცილებელია
ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად და გლობალური ლიდერების
მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ეს ინვესტიციები განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, რომელმაც ტუბერკულოზთან
ბრძოლაში მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დააყენა.
ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვის არის გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამიზნე.
ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის გაანგარიშებით, მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით
ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონამდე ადამიანი და იღუპება დაახლოებით 1,5
მილიონი. პრობლემას ქმნის ტუბერკულოზის არსებული, მაგრამ გამოუვლენელი
შემთხვევები, რომლის რიცხვიც 3 მილიონის ფარგლებში მერყეობს. გლობალურად
ახალი შემთხვევების 3-4%-სა და ნამკურნალები შემთხვევების 20%-ში
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება.
2000 წლიდან ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურმა ძალისხმევამ დაახლოებით 66 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა.
ბოლო
10 წლის განმავლობაში, საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის
მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა - საშუალოდ 6.6% წელიწადში.
ახლად დიაგნოზირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მაჩვენებელი შემცირდა
65%-ით 112-დან 40-მდე 100000 მოსახლეზე. ტუბერკულოზი 2021 წელს 1646
ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021
წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის მნიშვნელოვანი შემცირება
სავარაუდოდ COVID-19 ეპიდემიის გავლენას უკავშირდება.
2016 წლიდან
საქართველო აღარ შედის MDR-TB მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა,
წამლისადმი რეზისტენტობის ტვირთი ჯერ კიდევ მაღალია, რაც წარმოადგენს
ქვეყანაში ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარ გამოწვევას.
სახელმწიფო,
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში
ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მთელი ქვეყნის
მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert
აპარატების მეშვეობით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფილია
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევა და ასევე,
ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის
ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების
ჩათვლით. მკურალობის დასრულებაში პაციენტებს ეხმარებიან როგორც სამედიცინო
დაწესებულებების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ბოლო
მონაცემებით საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის
მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 85%-ს, ხოლო MDR/RR-TB შემთხვევების
მკურნალობის შედეგებმა 75%-ს მიაღწია.
წელს ტუბერკულოზის მსოფლიო
დღის აღნიშვნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიუსადაგა ბავშვთა და
მოზარდთა ასაკში ტუბერკულოზის დიაგანოსტიკის და მკურნალობის ახალი
რეკომენდაციების გამოცემა, სადაც ყურადღება გამახვილებული მკურნალობის
ხანმოკლე რეჟიმების და ახალი მედიკამენტების გამოყენებასა და ოჯახზე
ორიენტირებული, ინტეგრირებული სერვისის მიწოდებაზე. საქართველოს ეროვნული
გაიდლაინი განახლდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან - აივ ინფექცია/შიდსთან,
ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციასთან ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის,
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრთან, სამედიცინო
მომსახურების მიმწოდებლებთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და პაციენტთა სათემო
ორგანიზაციებთან ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად.
მკურნალობის თანამედროვე რეჟიმების უნივერსალური ხელმისაწვდომობა
სახელმწიფო
პროგრამითა და გლობალური ფონდის თანადაფინანსებით უზრუნველყოფილია
ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის
თანამედროვე მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ყველა პაციენტს
ეძლევა ახალი წამლები და ასევე დანერგილია მკურნალობის ხანმოკლე, სრულად
პერ-ორალური რეჟიმები, რამაც ხელი შეუწყო მკურნალობის შედეგების
გაუმჯობესებას.
ვიდეო მხარდაჭერით მკურნალობა
დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ
გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა მობილური
ტელეფონის აპლიკაცია ვიდეო მხარდაჭერით მკურნალობისთვის. აღნიშნული
აპლიკაცია პაციენტს წამლების მისთვის მოსახერხებელ დროს მიღების და შემდეგ
ვიდეოს ექთანთან გადაგზავნის საშუალებას აძლევს. 2018 წლიდან ვიდეო
მხარდაჭერით მკურნალობაში ჩაერთო 1900-ზე მეტი პაციენტი და მათ შორის
მკურნალობიდან დაკარგვის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. რიგ შემთხვევებში
მკურნალობის დამყოლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აპლიკაციის გამოყენებაზე
გადასვლის შემდეგ. ტექნოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით გაფართოვდა
COVID-19 პანდემიის დროს და შესაძლებელი გახადა მკურნალობის მეთვალყურეობა
ჯანდაცვის დაწესებულებაში პაციენტის ვიზიტის გარეშე.
თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკის დანერგვა
მთელი
ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება სწრაფი მოლეკულური მეთოდი GeneXpert
აპარატების მეშვეობით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულობის
დიაგნოსტიკისთვის. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის
რეფერენს-ლაბორატორია და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორა
აღიჭურვა GeneXpert აპარტის 10-ფერიანი მოდულებით, რამაც შექმნა მოლეკულური
მეთოდით მეორე რიგის მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის სწრაფი დადგენის
შესაძლებლობა. იგივე აპარატები გამოიყენება კორონავირუსის
დიაგნოსტიკისთვის.
შემთხვევათა ადრეული გამოვლენა ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით
შერჩეულ
კომპაქტური ჩასახლების ან შეკრების კერებში და ძნელად მისადგომ ადგილებში
შემთხვევების აქტიური მოძიებისთვის გამოიყენება მობილური ამბულატორია -
ავტომობილი, რომელშიც განთავსებულია GeneXpert-ის აპარატი და ასევე
სპეციალური კომპიუტერული პროგრამით (computer aided detection - CAD)
აღჭურვილი რენტგენოდიაგნოსტიკური აპარატურა. CAD პროგრამა იყენებს ხელოვნურ
ინტელექტს და აფასებს გულმკერდის რენტგენის სურათს ტუბერკულოზისა და/ან
COVID-19-ის გამოსავლენად. 1670 პირის ტესტირება ჩატარდა 2021 წელს და 2200
პირის კვლევა დაგეგმილია 2022 წელს.
კონტაქტების კვლევისა და ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის გაფართოება
ტუბერკულოზით
დაავადებულ ინდექს-პაციენტთან კონტაქტის მქონე პირები აქტიური სკრინინგის
ერთ-ერთ ძირითად ჯგუფს წარმოადგენს. ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის
შესაბამისად, აუცილებელია პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების კვლევა
აქტიური და ლატენტური ტუბერკულოზის გამოსავლენად. გლობალური ფონდის
მხარდაჭერით შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა (TraceTB), რომელიც
ტუბერკულოზით დაავადებული ინდექს-პაციენტის კონტაქტირებულთა და ლატენტური
ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობაზე მყოფი პირების აღრიცხვისა და
სრულყოფილი მართვის საშუალებას იძლევა.