Logo

17 ნოემბერი - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღე ჯანსაღი ფილტვები - არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი2021

title

 ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი)პრევენციას და მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც იწვევს ქოშინს და  ქრონიკულ ხველას, რასაც თან ახლავს ნახველის ქრონიკული გამოყოფა. ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით. იგი სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზია გლობალურად და ძალზე გავრცელებულია დაბალი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში.  ფქოდით დაავადების მთავარ რისკის ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს კვამლით, სხვა ტოქსიური შესასუნთქი ნაწილაკებით და აირებით ექსპოზიაცია, თუმცაღა ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ნაყოფისა და ახალშობილის ფილტვის ქსოვილის განვითარების დარღვევებს შეუძლიათ გაზარდონ ფქოდის რისკი მოგვიანებით ასაკში.  

             ფქოდის მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ყოველი წლის ნოემბერში. ფქოდის მსოფლიო  დღის აღნიშვნის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდის შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების პრეზენტაცია მსოფლიოში. წელს უკვე მეოცედ აღინიშნება ფქოდის მსოფლიო  დღე და იგი ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბერს. წლევანდელი თემა, „ჯანსაღი ფილტვები - არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, იმის ხაზგასმაა, რომ ფქოდის ავადობის ტვირთი არსად არ გამქრალა და COVID 19-ის პანდემიის პირობებშიც ფქოდი კვლავ რჩება სიკვდილის წამყვან მიზეზად მსოფლიოში. კამპანიის მიზნია, ხელი შეუწყოს ფილტვების სიჯანსაღეს იმის ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, სამედიცინო პროვაიდერებთან რეგულარული შემოწმება, მავნე ექსპოზიციების შემცირება, სწორი კვება და მედიკამენტების მიღება დანიშნულებისამებრ.

ფქოდის ავადობის ტვირთის შესამცირებელი ინიციატივები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით და მოიცავს: მწეველობის შეწყვეტის პროგრამებს, ოთახშიდა და გარემოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და დამაზიანებელი ფაქტორების კვლევას ბავშვთა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს ფქოდისგან განკურნების საშუალება, დაავადების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს ფქოდის საწინააღმდეგო ქმედებანი სხვადასხვა ინდივიდების მიერ მრავალი ტიპის დაწესებულებებში. დამქირავებლებს შეუძლიათ დაამკვიდრონ უვნებელი გარემო თავისუფალი სუნთქვისათვის, მოქალაქეებს შეუძლიათ ფხიზლად იდგნენ ჰაერის სისუფთავის სადარაჯოზე, პაციენტებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ ადვოკატირება გაუწიონ მეტი კვლევების ჩატარებას და პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებას პულმონური რეაბილიტაციისა და მენტალური სერვისების მოცვით. ამას გარდა ჯანდაცვის პროვაიდერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს ერთობლივად შეუძლიათ იმუშაონ, რათა გაამჯობესონ ხელმისაწვდომობა სპირომეტრიაზე, აუცილებელ მედიკამენტებზე და სხვა მკურნალობაზე, ტელემედიცინის ჩათვლით და სხვა ტიპის ხელმისაწვდომობით მოშორებულ ადგილებში მყოფი პაციენტებისათვის.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD) კომიტეტი მოუწოდებს ყველას მონაწილეობა მიიღონ ფქოდის მსოფლიო  დღის აღნიშვნაში. მეტი ინფორმაცია GOLD-ის და ფქოდის მსოფლიო  დღის შესახებ შეიძლება მოძიებული იქნას აქ - www.goldcopd.org .

 

აქტივობები:

            ცნობადობის გაზრდა

უზრუნველყავით ფქოდის მსოფლიო  დღის საჯაროობა პოსტერების, ბილბორდების ან სხვა აქტივობების საშუალებით და გააზიარეთ სოციალურ მედიაში. წაახალისეთ ფქოდის ტვირთის მქონე ადამიანები, რათა გაუზიარონ სხვებს თავიანთი გამოცდილება თუ რა ნაბიჯები გადადგეს ჯანსაღი ფილტვების შენარჩუნებისათვის.

ცოდნის გაზიარება

ორგანიზება გაუკეთეთ ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, სადაც განიხილავენ ფქოდის დიაგნოსტირებისა და მართვის ბოლო სტრატეგიებს, რათა დანერგონ GOLD-ის გაიდლაინები თავიანთ კლინიკებში. მოაწყვეთ ცხელი ხაზი პაციენტებისათვის, ვისაც აინტერესებს პულმონური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა, თერაპიის საკითხები, მენტალური ჯანმრთელობის სერვისები ან ფქოდის მქონე პაციენტთა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

ტვირთის შემცირება

ჩაატარეთ ღია კარის დღე ან ფქოდის კლინიკაში უფასო მიღება ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში, რათა გამოავლინოთ რისკის მქონე პაციენტები თქვენს რეგიონში. ჩაატარეთ საგანმანათლებლო საქმიანობა ისეთი რიკის ფაქტორების შემცირებაზე, როგორიცაა: თამბაქოს მოხმარება, ბიომასის საწვავის მოხმარება, ჰაერის დაბინძურება და მტვრისა და კვამლის  პროფესიული ექსპოზიციები. წაახალისეთ ფქოდის მქონე პაციენტები, იმისათვის რომ მისწერონ წერილები ადგილობრივ მთავრობებს ფქოდის მსოფლიო  დღის შესახებ და ლობირება გაუწიონ ფქოდის ნაციონალური პრიორიტეტის მქონე დაავადებად გადაქცევას, რათა შემცირდეს დაავადების ტვირთი და ჰოსპიტალიზაცია.

ჯანსაღი ფილტვები

ასწავლეთ ფქოდის მქონე პაციენტებს, რომ მათ სხვადასხვა საშუალებებით შეუძლიათ თავიანთი დაავადების კონტროლი და ფილტვების სიჯანსაღის ხელშეწყობა. ეს მოიცავს: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას,  ჯანსაღად კვებას, პულმონურ რეაბილიტაციაში ჩართვას, და რიკის ფაქტორების შემცირებას.