Logo

შაგასის (ჩაგასის) დაავადება

title

შაგასის (ჩაგასის) დაავადება

ზოგადი მიმოხილვა - ჩაგასის (შაგასის) დაავადება (სინონიმია: ამერიკული ტრიპანოსომოზი, WHO დაავადებათა კოდით ICD 10 - B 57) დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინეტის ქვეყნებში და სამედიცინო სფეროსთვის 1909 წლიდანაა ცნობილი. დაავადებას სახელი ეწოდა მისი შემსწავლელი და ცალკე ნოზოლოგიად გამომყოფი ბრაზილიელი ექიმის კარლუს რიბეირუ ჟუსტინიანუ შაგასის პატივსაცემად. ჩაგასის დაავადება თავდაპირველად უკავშირდებოდა და გავრცელებული იყო მხოლოდ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამჟამად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც. ჩაგასის დაავადების გამომწვევი Tripanosoma cruzy-ით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 7-8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო CDC ატლანტის (აშშ) შეფასებით, მსოფლიოში 16-18 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და ყოველწლიურად, საშუალოდ 50000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. ბოლო პერიოდში შეინიშნება დაავადების გავრცელების ტენდენცია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ტერიტორიებზე და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოსახლების ინტენსიური მიგრაციით არის განპირობებული. მხოლოდ კოლუმბიაში ჩაგასის დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიურად საშუალოდ იხარჯება 267 მილიონი აშშ დოლარი. დაავადების შემთხვევები გვხვდება აშშ-ს სამხრეთ შტატებშიც, სადაც დაავადების გადამტანი 10 სახეობის ბაღლინჯო ბინადრობს.

გამომწვევი აგენტი: დაავადების გამომწვევია უმარტივესი ტრიპანოსომა კრუზი (Tripanosoma cruzy), გააჩნია ე.წ. წამწამი, რომლის საშუალებითაც მოძრაობს. გამრავლება ხდება ზრდასრული ორგანიზმის მარტივი, ორად გაყოფით. რომანოვსკი-გიმზას წესით შერებვისას, მათი ციტოპლაზმა ცისფერია, ხოლო ბირთვი - მოწითალო. ტრიპანოსომები ცისტებს არ წარმოქმნიან. ადამიანის, ან სხვა ძუძუმწოვარის სისხლში ნახულობენ ზრდასრულ ტრიპანოსომებს. წარმოქმნილი ანტისხეულების ზემოქმედებით, ტრიპანოსომები იშლება ტოქსინების გამოყოფით, რასაც თან ერთვის ცხელების შეტევები.

რეზერვუარი: სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მრავალი სახეობის ცხოველი წარმოადგენს T. Cruzi-ს რეზერვუარს. (ტრიპანოსომების ცალკეული სახეობები (T. Gambiense და T. rhodesiense) აფრიკის კონტინენტზე იწვევენ ისეთ დაავადებას როგორიცაა აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება და რომლის გადამტანიც არის საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცე).

გადაცემის გზები: დაავადების გამომწვევი ორგანიზმში იჭრება ,,ტრიატომინის” სახეობის ბაღლინჯოს კბენის შემდგომ ადამიანის მიერ მოქავების დროს ბაღლინჯოს ფეკალიების ნაკბენში და ან კანში შეზელვით. Tripanosoma cruzy-ისმტარებელი და გადამტანი ტრიატომინისსახეობისბაღლინჯო გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში. აღნიშნულისახეობისბაღლინჯოებისაქართველოშიარბინადრობენ. ტრიატომინის სახეობის ბაღლინჯოები ტრიპანოსომების მტარებლებია და დაავადების გამომწვევს გამოყოფენ ფეკალურ მასებთან ერთად. სამხრეთ ამერიკაში ჩაგასის დაავადების გადამტანი ბაღლინჯოები ცხოვრობენ შენობების ნაპრალებში. იკვებებიან ადამიანის სისხლით. ადამიანებს ძირითადად  კანის ღია ადგილებზე კბენენ ღამით. დღის განმავლობაში იმალებიან შენობების ნაპრალებში. ხშირია კბენის შემთხვევები ტუჩების არეში, რის გამოც სამხრეთ ამერიკაში ამ დაავადებას მოსახლეობა ,,კოცნის“ დაავადებასაც უწოდებს. ჩაგასის გამომწვევი ტრიპანოსომა (T. Cruzy) ადამიანებში შესაძლოა გავრცელდეს შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, შეუმოწმებელი ორგანოების ტრანსპლანტაციის და მშობიარობის დროს, ინფიცირებული დედისგან შვილზე. დაავადების გადაცემა შესაძლებელია არასტერულური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების დროსაც. ბაღლინჯოები დაავადების გადამტანები ხდებიან დაავადებული ან ინფიცირებული ადამიანების სისხლის წოვის შემდგომ.

ინკუბაციური პერიოდი: დაავადების ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების მწვავე ფორმის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1-2 კვირაა. ქრონიკური დაავადების შემთხვევაში კი, შესაძლოა ერთ წლამეც გაგრძელდეს. Tripanosoma cruzy-ითგამოწვეული ინფექცია ექვემდებარება მკურნალობას დროულად დაწყების შემთხვევაში. ანტიპარაზიტულ მკურნალობას დაავადების ქრონიკულ ფაზაში შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება. ქრონიკული ფორმის მქონეთა 30%-ს უვითარდება გულსისხლძაღვთა, 10%-ს საჭმლის მომნელებელ, ნერვულ ან ერთდროულად რამდენიმე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ჩაგასის დაავადება ორი სტადიით მიმდინარეობს. პირველი სტადიაა მწვავე პერიოდი და გრძელდება ინფიცირებიდან 2 თვემდე. ამ დროს სისხლში ცირკულირებს დიდი რაოდენობით პარაზიტები. როგორც წესი, მკაფიო, სფეციფიკური კლინიკური სურათი გამოხატული არაა. დაავადებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ლიმფური ჯირკვლების შესიება. ყველაზე ხშირია ერთი ან ორივე ქუთუთოს კარგად გამოხატული ალისფერი შესიება. დაავადების მეორე სტადიის დროს ტიპანოსომები კონცენტრირდებიან გულის კუნთსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთოვან ქსოვილებში. პაციენტებს აღენიშნებათ გულის უკმარისობა, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის ჰიპერტროფია. დაავადების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს გულის გაჩერება, გულის კუნთის პროგრესული დაზიანების გამო. დაავადების სამკურნალოდ და სისხლში პარაზიტების დასახოცად გამოიყენება ბენზნიადაზოლომი და ნიფურტიმოქსი. ორივე პრეპარატით დროულად, მწვავე სტადიაში დაწყებული მკურნალობის ეფექტურობა 100%-ს აღწევს. არანამკურნალევი პრაქტიკულად ყველა შემთხვევა გადადის ქრონიკულ ფაზაში და მკურნალობის ეფექტურობაც მნიშვნელოვნად მცირდება. ქრონიკული ფაზის დროს მნიშვნელოვანია კუჭ-ნაჭლავის დისფუნქცია, ყლაპვის გაძნელება და შებერილობა. ლაბორატრული დიაგნოსტიკისთვის გამოყენება სისხლის მიკროსკოპირება, კულტივირება სისხლიან ნიადაგებზე, იფა და პჯრ.

გადამდებლობის პერიოდი: დაავადება გადამდებია ტრიპანოსომების ორგანიზმში ცირკულირების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც შესაძლოა რამდენიმე თვესაც გრძელდებოდეს.

მიმღებლობა: პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვებში დაავადება გაცილებით ხშრად გვხვდება. 

კონტროლის ღონისძიებები: ჩაგასის დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით 20-მდე სხვადასხვა კომპანია აქტიურად მუშაობს. პროფილაქტიკა/პრევენციის საუკეთესო მეთოდებია მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შენობების კედლებში ნაპრალების ამოლესვა, ბაღლინჯოების სხვადასხვა მეთოდებით განადგურება. ეფექტურია ინსექტიციდების გაფრქვევა ადამიანის საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში. მნიშვნელოვანია დონორის სისხლის კონტროლი პარაზიტების შემცველობაზე და ორსულ ქალთა ლაბორატორიული ტესტირება. ვინაიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცხოველებში გამომწვევი ფარდოდაა გავრცელებული, დაავადების ლიკვიდაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით მისი შემცირება და მინიმიზება რეალურია. დაავადების გავრცელების არეალებში მცხოვრებთათვის პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებულია რამდენიმე რეკომენდაცია: 1. აკრძალულია კარვებში და საძილე ტომრებში ძილი ბუნებაში ან ჩალით გადახურულ სახლებში, 2. საწოლებზე ჩამოაფარეთ სპეციალური ან მარლის ბადეები, 3. საწოლის ფეხები აუცილებლად უნდა იყოს ჩამდგარი წყლიან ან ინსექტიციდიან ქილებში,  4. სავალდებულოა მწერების დამაფრთხობელი რეპელენტების რეგულარულად გამოყენება, განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნის დროს. გადამტანის კონტროლი ჩაგასის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ბაღლინჯოებისსაწინააღმდეგოდ და გასანადგურებლად გამოიყენებაინსექტიციდები.

საფუძველი: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs340/en/