Logo

10 სექტემბერი - თვითმკვლელობის (სუიციდის) პრევენციის მსოფლიო დღე ,2020 წელი

title

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღეა, რომელიც სუიციდის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის (IASP) ეგიდით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აღინიშნება. დღის თემაა „ერთად ვიმუშაოთ სუიციდის პრევენციისთვის“ („Working Together to Prevent Suicide“), რომელიც ხაზს უსვამს თვითმკვლელობის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს - ურთიერთთანამშრომლობას.


სუიციდის პრევენცია უნივერსალურ გამოწვევად რჩება. გლობალურად, სუიციდი სიკვდილის 20 წამყვანი მიზეზიდან ერთერთია. ყოველწლიურად, 800 000-ზე მეტი, ანუ ყოველ 40 წამში 1 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
ყოველი ის ადამიანი, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ვიღაცის პარტნიორი, შვილი, მშობელი, მეგობარი ან კოლეგაა და, შესაბამისად, სუიციდის თითოეული მცდელობის შედეგად დაახლოებით 135 ადამიანი (წელიწადში 108 მილიონზე მეტი ინდივიდი) განიცდის ძლიერ სტრესს. აღსანიშნავია, რომ ყოველ თვითმკვლელობაზე სუიციდის 15 მცდელობა და გაცილებით მეტი სუიციდური ფიქრები მოდის.


სუიციდი გენეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორების ან მათი ტრავმასთან/დიდ დანაკარგთან კომბინაციის შედეგია. ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ უნიკალური, კომპლექსური და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან, რაც გავლენას ახდენს საბოლოო აქტზე. თავის მხრივ, სწორედ მათი მრავალფეროვნება წარმოადგენს თვითმკვლელობის პრევენციის ექსპერტების გამოწვევას, რომელთა გადალახვა მხოლოდ მრავალმხრივი და თანმიმდევრული მიდგომით მიიღწევა.
ხშირად სუიციდის პრევენცია შესაძლებელია და ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა.


სუიციდის პრევენციაში თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილის შეტანა  პრობლემის შესახებ (მ.შ. სუიციდის მიზეზები, გამაფრთხილებებლი ნიშნები) საზოგადოების განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით; სუიციდზე და სუიციდურ ქცევაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით; სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისადმი თანაგრძნობითა და მზრუნველობით.  
სუიციდის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო, რომელიც გავლენას ახდენს  არამხოლოდ  მათზე, ვინც სიცოცხლის დასრულებას თვითმკვლელობით ცდილობს, არამედ მათ საყვარელ ადამიანებზე და, ზოგადად, საზოგადოებაზე.


თვითმკვლელობის ასაცილებლად მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ. სუიციდის პრევენცია მოითხოვს ყველა სექტორის, მათ შორის ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების, საზოგადოების წევრების, რელიგიური ლიდერების, ჯანდაცვის პროფესიონალების, პოლიტიკოსების და მთავრობის, ძალისხმევის გაერთიანებას; კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობის პრევენციის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს განხორციელებული ინტერვენციების მრავალფეროვნება; ამგვარად, მნიშვნელოვანია ინტერვენციულ სტრატეგიებში ინდივიდის, საზოგადოების და სისტემის დონეზე ჩართულობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სუიციდს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტად აღიარებს და  წევრ ქვეყნებს ეხმარება განავითარონ და გააძლიერონ თვითმკვლელობის პრევენციის სტრატეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალდარგობრივი მიდგომა.
თვითმკვლელობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჯანმო-ს ფსიქიური ჯანმრთელობის  სამოქმედო პროგრამაში (mhGAP), რომელიც დაიწყო 2008 წელს. ის ქვეყნებს ფსიქიკური, ნევროლოგიური და ნივთიერებადამოკიდებულების შემთხვევებში საჭირო მომსახურების გაწევისა და მზრუნველობის  მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გზამკვლევს აწვდის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალური 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიზანი 2020 წლისთვის სუიციდის შემთხვევათა 10%-ით შემცირებაა.
დამატებით, სუიციდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების 3.4 სამიზნის ინდიკატორს: 2030 წლისთვის, პრევენციითა და დროული მკურნალობით, არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილობის ერთი მესამედით შემცირება, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა.
ყველას შეუძლია  წვლილის შეტანა სუიციდის პრევენციაში. სუიციდი გლობალური პრობლემაა. მან არ იცის საზღვრები და ყველაზე ახდენს გავლენას. სუიციდური ქცევების ზემოქმედებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი განიცდის. თითოეული მათგანის გამოცდილება უნიკალური და მნიშვნელოვანია თვითმკვლელობის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად და იმ ადამიანების, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს და მათი ახლობლების მხარდასაჭერი სტრატეგიების შესამუშავებლად.
სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღის თემაა „ერთად ვიმუშაოთ სუიციდის პრევენციისთვის“ („Working Together to Prevent Suicide“). დღის თემა ხაზს უსვამს თვითმკვლელობის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს - თანამშრომლობას. სუიციდის პრევენციაში ყველას გარკვეული როლი აქვს. ერთობლივად შესაძლებელია იმ გამოწვევების მართვა, რომელიც ახლავს სუიციდურ ქცევას.
სუიციდის პრევენციის საერთაშორისო ასოციაცია (IASP) და ჯანმო მოუწოდებს მხარდამჭერებს შეუერთდნენ 10 სექტემბერს სუიციდის პრევენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მსოფლიოს მასშტაბით, მ.შ. მონაწილეობა მიიღოთ სანთლის ანთების ღონისძიებაზე: 10 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე. ფანჯარასთან აანთეთ სანთლები, როგორც სუიციდის პრევენციის მხარდაჭერის და საყვარელი ადამიანების ხსოვნის სიმბოლო. ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://www.iasp.info/wspd2020/light-a-candle/

წყარო: https://www.iasp.info/wspd2020/wspd-brochure/  
 https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/suicide