Logo

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე , 2021

title

24 მარტს საქართველო უერთდება ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე დაწესდა ცნობიერების ამაღლების მიზნით იმ დღეს, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა და საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ტუბერკულოზი ეპიდემიის სახით მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის ქმნის სერიოზულ საფრთხეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ყოვლწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონი კვდება. ტუბერკულოზი ითვლება სიკვდილის მთავარ მიზეზად აივ ინფიცირებული პირებისათვის. განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი MDR-TB. მსოფლიო მასშტაბით 2019 წელს დარეგისტრირდა 465,000 შემთხვევა.

2000 წლის შემდეგ ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 63 მილიონი ადამიანის გადარჩენა.

მსოფლიოში ბოლო წლების დინამიკაში აღინიშნება ტუბერკულოზის ინციდენტობის ყოველწლიური 2%-ით კლება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2030 წლისათვის მდგრადი განვითარების სამიზნეების მისაღწევად საჭირო კლების სისწრაფეს.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩინოა ტუბერკულოზთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესება, რაც დასტურდება ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების და გავრცელების მაჩვენებლების შემცირებით. თუმცა, COVID-19 პანდემიამ ახალი გამოწვევები შექმნა.  შემცირდა ტუბერკულოზზე კვლევისთვის მიმართვიანობა და შესაბამისად შემცირდა დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობა. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 1816 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 1429 ახალი შემთხვევაა.

სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით.

2021 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანი - „დრო არ ითმენს“ - ყურადღებას ამახვილებს, რომ გლობალური ლიდერების მიერ ტუბერკულოზის შეწყვეტის ვალდებულებების შესასრულებლად ცოტა დრო დარჩა.  ეს განსაკუთრებით კრიტიკულია COVID-19 პანდემიის ფონზე, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ტუბერკულოზთან ბრძოლში მიღწეული პროგრესი.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან - აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან:  ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და პაციენტთა სათემო ორგანიზაციები, ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად.



#WorldTBDay

#TheClocklsTicking

#ტუბერკულოზისდღე

#დროარითმენს