Logo

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 20 მარტი, 2022

title პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნება და მისი მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 2021-2022 წლების კამპანიის სლოგანია: „იამაყე პირის ღრუს ჯანმრთელობით.“
პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში. პირის ღრუს დაავადებები უარყოფით
გავლენას ახდენენ ადამიანებზე, იწვევენ ტკივილსა და დისკომფორტს, სოციალურ იზოლაციას და
თავდაჯერებულობის დაკარგვას.  ხშირად, პირის ღრუს დაავადებები დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა
სერიოზულ პრობლემებთან. პირის ღრუს დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია.

ყველაზე ხშირად გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებებია:

•კარიესი
•პაროდონტის (ღრძილების) დაავადება
•პირის ღრუს ინფექციური დაავადებები
•პირის ღრუს ტრავმები და დაზიანებები
•პირის ღრუს სიმსივნე
ევროპის რეგიონში პირის ღრუს  და სხვა ქრონიკული დაავადებების ტვირთი შესაძლებელია საგრძნობლად
შემცირდეს სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებით. ამ ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია საერთო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება. სწორად დაგეგმილი და გატარებული პრევენციული ინტერვენციები და პოლიტიკა
მნიშვნელოვანია ხარისხიანი სიცოცხლის წლების (QALY-) გაზრდისათვის.

მნიშვნელოვანი ფაქტები:


•მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების 60-90%-ს აქვს კარიესი.
•ბევრ ქვეყანაში სკოლის გაცდენების უპირველეს მიზეზს კბილის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი წარ-მოადგენს.
•ღრძილების დაავადებების 15-20%, რომლებიც კბილების დაკარგვით სრულდება, 35-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანების პრობლემას წარმოადგენს.
•მსოფლიოში 65-74 წლის ასაკის ადამიანების 30%-ს არ აქვს ბუნებრივი კბილები.
•ბავშვებსა თუ მოზრდილებში პირის ღრუს დაავადებები განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობის ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებში.
•განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება. ამავდროულად, ღრძილების დაავადებები უმეტესად ხანშიშესულ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთა  რისკ-ფაქტორებია თამბაქოს მოხმარება, მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარება.
•შაქრის ჭარბი გამოყენება კარიესისა და დიაბეტის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია.
•თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია.
•თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შაქრის მოხმარების შემცირებით და ბალანსირებული კვების რეჟიმით, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტით, ხელს ვუწყობთ ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნებას.

ვრცლად: სტომატოლოგიური დაავადებები

კარიესი


კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.კბილებზე დაგროვებული ბაქტერიები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც იწვევს კბილის გარე საფარის (მინანქარი) ან ფესვის ზედაპირის დაშლას (დემინერალიზაცია).ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ  ამ მჟავების წარმოქმნას. მიუხედავად იმისა, რომ კარიესის თავიდან აცილება შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებებით, ის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.
•ასე მაგალითად, მცირეწლოვან ბავშვთა დაახლოებით მეოთხედს, მოზარდთა ნახევარს და მოზრდილთა 90%-ზე მეტს  კარიესი აღენიშნება.
•არანამკურნალევი კარიესით დაავადებულია მცირეწლოვანი ბავშვების 10% და 20-64 წლამდე მოსახლეობის  26%.
•კარიესმა  შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ინფექციები, რასაც საბოლოოდ მივყავართ სხვადასხვა პრობლემებთან როგორიცაა ჭამის, საუბრის, თამაშისა და სწავლის პრობლემები. ცნობილია, რომ პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებიი ხშირად აცდენენ სკოლას და  დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.
•11 წლამდე ასაკის  ყოველი 5 ბავშვიდან  და 12-დან 19 წლამდე ასაკის ყოველი  7 მოზარდიდან ერთს მინიმუმ ერთი კარიესული კბილი აქვს.
•დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში 5-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში ორჯერ მეტია კარიესის განვითარების ალბათობა  მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებთან შედარებით.

სწორი პრევენციული ღონისძიებების ადვოკატირებით შესაძლებელია კარიესის პრევენცია. ბავშვებს, რომლებიც ფტორირებული სასმელი წყლით დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ, ნაკლებად აწუხებთ კარიესი.
ასევე მნიშვნელოვანია სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების ადვოკატირება და პოპულარიზაცია ბავშთა ადრეულ ასაკში.
•ყურადღება მიაქციეთ რომ კბილის ჯაგრისი და პასტა თქვენი შვილის ასაკის შესაბამისი იყოს.
•კარიესის პრევენცია შესაძლებელია ფტორის შემცველი საკვებისა და კბილის პასტის  პერმანენტული გამოყენებით.

პირის ღრუს ტრავმები და დაზიანებები - მსოფლიოში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვთა 16-40%-ს მოედნებზე, სკოლებში, საგზაო შემთხვევებსა თუ ძალადობის შედეგად მიღებული სტომატოლოგიური ტრამვები აღენიშნება.


პაროდონტის (ღრძილების) დაავადება


ღრძილების დაავადება ძირითადად გამოწვეულია ღრძილებისა და ძვლების ინფექციებითა და ანთებით. ზოგიერთი ქრონიკული დაავადებები და მდგომარეობა  ზრდის პაროდონტის განვითარების რისკს, მაგალითად დიაბეტი, დასუსტებული იმუნური სისტემა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მემკვიდრეობითობა. ღრძილების დაავადების განვითარებისას  მნიშვნელოვანია ისეთი ქცევითი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა თამბაქოს, ალჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება. პაროდონტიტის დაგვიანებული იდენტიფიცირება და მკურნალობა იწვევს ღრძილების ინფექციური პროცესების განვითარებას და კბილების დაკარგვას.

პირის ღრუს სიმსივნე

•2016 წელს შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირის ღრუსა და ხორხის სიმსივნის 45000 ახალი შემთხვევა და 10000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა.
•ამ ტიპის სიმსივნის 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 61%-ია.
•პირის ღრუს სიმსივნეების სიკვდილობის მაჩვენებელი 3-ჯერ მეტია  მამაკაცებში ვიდრე ქალებში,
•პირის ღრუს სიმსივნეების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი სარისკო ქცევები როგორიცაა თამბაქოს და მისი პროდუქტების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
•პირის ღრუს სიმსივნეთა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია ამ დაავადებთა პროფილაქტიკისათვის.