Logo

პირის ღრუს დაავადებები

title


1)   რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?

პირის ღრუს დაავადებებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე  დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი,  კბილის კარიესი აღენიშნება მოსწავლეების 60–90%–სა და მოზრდილთა  უმრავლესობას. ჯანმრთელი პირის ღრუ უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობული ინფექციებისა და ეკოლოგიური საფრთხეებისაგან. არაჯანსაღი პირის ღრუ აქვეითებს შრომის უნარიანობას და  ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა ასოცირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან.  არაჯანსაღი პირის ღრუ ქრონიკული დაავადებების, კერძოდ გულის, თირკმელების, ფილტვის დაავადებებისა და დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია.    

მილიონობით ხანდაზმული ადამიანი   კარგავს კბილებს, რასაც  მოყვება უკბილობა და კბილების პროტეზირება. ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო ხანდაზმულებს მედიკამენტების ხშირი მიღება უწევთ, რაც თავის მხრივ იწვევს პირის ღრუს  სიმშრალეს, ინფექციისადმი მიდრეკილებასა და კბილების დაშლას. კბილების კარიესისა და დაკარგვის ძირითად მიზეზი ღრძილების დაავადებები და პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობაა. ხშირ შემთხვევებში ცუდად მორგებული პროტეზი აქვეითებს ღეჭვის უნარს და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს. ხანდაზმულებში ხშირია პირის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები, რაც მრავალი წლის განმავლობაში თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. ამ ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების გავრცელება მაღალია იმ რეგიონებში, რომლებიც თამბაქოს ჭარბი მოხმარებით გამოირჩევიან.[i]

 

2)   პირის ღრუს დაავადებათა  პრიორიტეტულობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით

პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით პირის ღრუს დაავადებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრობლემას წარმოადგენენ. მათი გავლენა, როგორც   ცალკეულ პიროვნებების, ასევე მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის სტატუსზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პირის ღრუს დაავადებების ტრადიციული მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია, იგი არის მეოთხე ძვირადღირებულ დაავადებების მკურნალობაში განვითარებულ ქვეყნებში. ბევრ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ბავშვების კარიესზე დახარჯული დანახარჯები უსწრებს მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობაზე გაწეულ დანახარჯებს.  პირის ღრუს დაავადებები წარმოადგენენ ოთხი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტი, სიმსივნე და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები)  ცხოვრების წესთან  დაკავშირებულ რისკის ფაქტორებს. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ქცევები გავლენას ახდენს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა  და კარიესის განვითარებაზე. თამბაქოს გამოყენება  90% შეთხვევებში იწვევს პირის ღრუს სიმსივნისა და სხვადასხვა ანთებითი პროცესების განვითარებას. ის ასოცირდება  ორალური ჰიგიენის დაბალ სტანდარტთან, თავისთავად კბილების დაკარგვას  იწვევს.[ii]

 

3)   რა ზეგავლენას ახდენს პირისღრუს დაავადებები ადამიანის საერთო ჯანმრთელობაზე

 

კვლევებით დასტურდება, რომ პარადონტიტით დაავადებულ ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ  ინფარქტი და სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ინსულტი, ვიდრე მათ, ვინც მუდმივად უვლის პირის ღრუს. გამოკვლევებმა გამოავლინეს, რომ ბაქტერია რომელიც იწვევს პარადონტიტს აღწევს სისხლში და შესაძლებელია ხელი შეუწყოს თრომბის გაჩენასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს. 

დიაბეტით დაავადებულები ინფექციებისადმი მგრძნობიარეები არიან, მათ შორის პირის ღრუს ინფექციების მიმართაც. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად პარადონტიტმა შესაძლოა დაამძიმოს დიაბეტით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა და გახადოს იგი ინსულინ რეზისტენტული. მიკრობები, რომლებიც იწვევენ პნევმონიას და სხვა რესპირატორულ დაავადებებს, ხშირად პარადონტიტით დაავადებულების პირის ღრუშიც ბუდობენ და ხელსაყრელ პირობებში ამ დაავადებების პროვოცირებას იწვევენ.

პირის ღრუს პროფილაქტიკური გასინჯვების გზით სიმსივნეებთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს მთელი რიგი დაავადებები - საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მიკრობული ინფექციები, იმუნური სისტემის დარღვევები, პირის ღრუს ტრავმა  და ა.შ. პირის ღრუს ჰიგიენასა და დაავადებების ადრეულ გამოვლენას კრიტიკული როლი ეკისრება ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით.

 

4)   რა მნიშვნელობა აქვს ფტორიდებს პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის?

კვლევებით დადგენილია, რომ ფტორი  კარიესის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ფტორიდები პირის ღრუში შესაძლებელია მოხვდეს ფტორირებული წყლის, მარილის, რძის, სავლები საშუალებებისა და კბილის პასტების დახმარებით; არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ფტორიდების ხანგრძლივი გამოყენების დადებით მხარეზე, კერძოდ ის ამცირებს კარიესის შემთხვევების რიცხვს ბავშვებსა და მოზარდებში. წყლის ფტორირების მეთოდი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს, რადგანაც ფტორის დასაშვებ დოზაზე მეტის მიღებამ შესაძლოა ფლუოროზი გამოიწვიოს, რაც კბილის სიმყიფეს ზრდის და ასევე კბილების დალაქავებას იწვევს.  ფტორის სხვადასხვა სახით საზოგადოებისათვის მიწოდების მეთოდი გულისხმობს აბების, ფტორის შეცველი სავლები  ხსნარების, ფტორირებული კბილების საწმენდი საშუალებებისა ან მარილისა და რძის გამოყენებას. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სასმელი წყალი საჭირო რაოდენობის ფტორს არ შეიცავს,  ყველაზე ეფექტური მეთოდი წყლის ფტორირებაა. წყლის ფტორირებაზე გაწეული დანახარჯი მოსახლეობის მოცულობაზეა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად იმ რეგიონებში,  სადაც მოსახლეობა 200.000-ს აღემატება, ერთ სულ მოსახელეზე გაწეული დანახარჯი  12-დან 21-ცენტამდე მერყეობს, ხოლო შედარებით პატარა დასახლებებში ერთ სულ მოსახლეზე - 60 ცენტიდან 5.41 დოლარამდე.

 

5)   ახდენს თუ არა გავლენას ხშირი დიეტები და არასრულფასოვანი კვება  პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

 

დღეს მსოფლიოს წინაშე ორი სახის მალნუტრიციული პრობლემა დგას: ერთი, რომელიც ასოცირდება შიმშილთან ან საკვები ელემენტების დეფიციტთან და მეორე - დიეტურ შიმშილთან. ურბანიზაციამ და სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ადამიანთა ცხოვრების წესსა და  კვებაში  ცვლილებები განაპირობა. დიეტაზე ხშირად ყოფნა და არასრულფასოვანი კვება  გავლენას ახდენს - ქალა-სახის,  პირის ღრუს სიმსივნეების, პირის ღრუს ინფექციების განვითარებაზე. კარიესი დიეტასთან ასოცირებულ სტომატოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, ჭარბი დიეტები  ემალის განვითარების დეფექტს, კბილების ეროზიასა და პაროდონტიტის განვითარებას იწვევს. შაქრის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება პატარა ბავშვებში კარიესის მიზეზი ხდება. ხშირად ბავშვები საწოლში  მთელი ღამის ან დღის განმავლობაში ბოთლით ტკბილ საჭმელს მიირთმევენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცნობილია, რომ დედის რძე ხელს უშლის კარიესის განვითარებას ადრეული ასაკის ბავშვებში. დამატებით, კბილების ეროზია ხშირად  მჟავების შემცველი არაალკოჰოლური სასმელების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდება.

კვებაში ცვლილებები გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად სტატუსზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:

  • ძუძუთი კვების პოპულარიზაცია.
  • ჯანსაღი კვების  პოპულარიზაცია.
  • შაქრის ჭარბი მოხმარების შეზღუდვა;
  • არაალკოჰოლური გამაგრილებელი მჟავე სასმელების მოხმარების შეზღუდვა.

 

6)   რა ზეგავლენას ახდენს თამბაქოს  მოხმარება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

 თამბაქო, როგორც მავნე ჩვევა, ნაადრევი სიკვდილიანობისა  და  სხვადასხვა სისტემური დაავადებების განვითარების მიზეზია. გარდა ამისა, სიგარების, სიგარეტების, საღეჭი თამბაქოს გამოყენება პირის ღრუს სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; თამბაქო, პირის ღრუს სიმსივნეების რეციდივის მიზეზია, მოზრდილებში პაროდონტიტის განვითარების რისკის ფაქტორია,  ამასთან, იგი თრგუნავს იმუნური სისტემის მოქმედებას (21 WHO/NMH/NPH/ORH/03.2 The World Oral Health Report 2003). 

 

 

7)   რა არის პირის ღრუს სიმსივნეების გამომწვევი რისკის ფაქტორები?

პირისა და ხახის სიმსივნეები (ტუჩის სიმსივნე, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანის, ალვეოლური ლორწოვანის) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს; კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება  პირისა და ხახის სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ გარკვეულ ასოციაციას ადამიანის პაპილომა ვირუსსა და პირის ღრუს სიმსივნეებს შორის (,,Goal 3. Prevent and control oral and pharyngeal cancers and their risk factors“  CDC's Oral Health Program: Strategic Planning for 2011–2014). დაავადების კონტროლის თვალსაზრისით პრიორიტეტულია ძირითადი რისკის ფაქტორების - მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება - მოქმედების შემცირება, ასევე სასურველია, ყველა საეჭვო დაზიანებაზე ბიოფსიური კვლევის განხორციელება, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში, როგორებიც არიან 40 წელს გადაცილებული მწეველი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცები.

 

8)   რას წარმოადგენს კარიესი?

კარიესის შეთხვევათა უმეტესი ნაწილი 2-5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება,  აქ უდიდეს როლს სოციალური ფაქტორი თამაშობს, რადგანაც შეთხვევათა მეტი წილი სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებზე მოდის. ასევე, დაბალი შემოსავლის მქონე 12-19 წლის მოზარდების დაახლოებით ორ მესამედს კარიესი აღენიშნება. კარიესი კვლავ რჩება ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის პრობლემად, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია შენარჩუნებულ იქნას ჯანსაღი კბილები. კბილების დაკარგვამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პიროვნების თავდაჯერებულობაზე და შეექნას პრობლემები საკვების დამუშავებასთან დაკავშირებით, რადგანაც ნაკლული კბილებით ადამიანს არ შეუძლია სრულფასოვნად მოახდინოს საკვების მექანიკური დამუშავება, რაც თავის მხრივ გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

 

9)   რას წარმოადგენს პაროდონტიტი?

პაროდონტიტი მიეკუთვნება იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ ღრძილების შემაერთებელ ქსოვილზე და ძვლებზე, რომლებზედაც მაგრდება კბილები. პაროდონტიტი იწყება ღრძილების მარტივი ანთებით (გინგინიტი)  და მთავრდება სერიოზული დაავადებით, რის შედეგადაც ხდება რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება, რომლებიც ძირითადად იჭერენ კბილებს. თუკი დაავადების გამოვლენა დროულად არ მოხდა, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს    კბილების ფუნქციის დარღვევა. კბილების დაკარგვა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის გაუარესება. პაროდონტული დაავადებები გავლენას ახდენენ მთელ რიგ სისტემურ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემის დაავადებები. დაავადების მთავარი  მიზეზი პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობაა, მისი  პრევენცია კბილების რეგულარული გახეხვითა და გასუფთავებით, ასევე ანტიანთებითი სავლების გამოყენებითაა შესაძლებელი.

 

 

10) რისი გაკეთება შემიძლია პირის ღრუს დაავადებებისთავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდეშესამცირებლად?

პირველი მნიშვნელოვანი ქცევა, რომელიც  პირის ღრუს ჯანმრთელობას განაპირობებს -არის კბილების სწორი გაწმენდა ორჯერ დღეში ჯაგრისითა და  ფტორირებული კბილის პასტის გამოყენებით, ასევე კბილების რეგულარული დათვალიერება.

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელი ღიმილი ბედნიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ჯანდაცვის მუშაკები თვლიან, რომ კბილების ჰიგიენა განაპირობებს პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას, რაც მომავალში თავიდან აგვაცილებს კბილების კარიესს, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს, ღრძილების სხვადასხვა სახის ანთებებსა და პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკებს. თავის მხრივ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.[iii]

მშობლებს შეუძლიათ  თავიანთ პატარებს ასწავლონ და გამოუმუშაონ  კბილების სწორი გახეხვისა და ენის გაწმენდის მყარი ჩვევები.

 

გაითვალისწინეთ, რომ:

  • ჯაგრისის ზომა უნდა იყოს ასაკის შესაბამისი, რბილი, ნეილონის მრგვალი ბოლოებით, რათა არ დააზიანოს ბავშვის კბილის სათუთი  ემალი და ღრძილები.
  • შეურჩიეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა.
  • მოუწყვეთ მოსახერხებელი პირსაბანი, შესაძლებელია ჯაგრისს ჰქონდეს სახალისო ფორმები (მაგალითად ცხოველების), რათა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ გახდეს კბილების გახეხვის პროცესი.
  • ასწავლეთ, როგორ დაიჭიროს ჯაგრისი (დაახლოებით 450-ის კუთხის დახრილობით კბილების მიმართ) და წინ და უკან მბრუნავი მოძრაობით ნაზად გაიხეხოს წინა კბილების წინა და უკანა ზედაპირები. მოათავსებინეთ ჯაგრისი საღეჭი კბილების ზედაპირებზე და წინ და უკან მოძრაობით ასწავლეთ ენისა და საღეჭი კბილების გახეხვა.
  • სასარგებლო იქნება, თუ თქვენც მასთან ერთად გაიხეხავთ კბილებს მინიმუმ დღეში ორჯერ.
  • კბილების გახეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გარეცხოთ და სუფთად შეინახოთ.
  • ნახმარ კბილის ჯაგრისებს სჭირდება მინიმუმ თვეში ერთხელ ახლით შეცვლა.[iv]


[i] http://apps.who.int/iris/bitstream/10665/39644/1/WHO_TRS_826.pdf?ua=1

[ii] Canadian Oral Health Strategy

Federal, Provincial and Territorial Dental Directors

Federal, Provincial, Territorial Dental Director's working group meeting- Montreal, August 2005