Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალური კომიტეტის (GACVS) COVID-19 ქვეკომიტეტის განცხადება ასტრა-ზენეკას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებების შესახებ.

title

2021 წლის 17 მარტის მონაცემებით, გლობალურად, დაფიქსირებულია COVID-19-ის 120 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 2 მილიონზე მეტი სიკვდილი. ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია COVID-19-ით გამოწვეული ავადმყოფობის, სიკვდილიანობის პრევენციის და პანდემიის კონტროლის კუთხით.

ამ დრომდე, ევროპაში ადმინისტრირებულია ასტრაზენეკას ვაქცინის 20 მილიონზე მეტი დოზა, ხოლო ინდოეთში Covishield-ის ვაქცინის 27 მილიონზე მეტი დოზა (Serum Institute of India – ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ასტრაზენეკას ვაქცინა).

GACVS-ის COVID-19-ის ქვეკომიტეტი, ასტრაზენეკას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ თრომბოემბოლიური მოვლენების (თრომბების) და თრომბოციტოპენიის (დაბალი თრომბოციტების) შესახებ არსებული ინფორმაციისა და მონაცემების განხილვის მიზნით, ონლაინ ფორმატში შეიკრიბა 2021 წლის 16 და 19 მარტს.

ქვეკომიტეტმა განიხილა კლინიკური კვლევის მონაცემები და შემთხვევები ევროპაში, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთში Vigibase–ის, ჯანმოს ინდივიდუალური შემთხვევების უსაფრთხოების შეტყობინების გლობალურ მონაცემთა ბაზის საფუძველზე.

არსებული ინფორმაციის ფრთხილი სამეცნიერო მიმოხილვის საფუძველზე, ქვეკომიტეტმა მიიღო შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციები:

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინაციის სარგებელი აჭარბებს გვერდითი მოვლენების განვითარების საფრთხეს (Covishield-ის ჩათვლით). მას ასევე უდიდესი პოტენციალი გააჩნია COVID-19-ის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით მთელ მსოფლიოში. 

  • არსებული მონაცემები არ მიუთითებს COVID-19-ის ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ სისხლის შედედების დარღვევის შემთხვევების, მაგალითად ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, ზრდაზე. COVID-19-ის ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ თრომბოემბოლიური მოვლენების არსებული მაჩვენებლები შეესაბამება ამ დარღვევის დიაგნოზთა მოსალოდნელ რაოდენობას.

  • მიუხედავად იმისა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით ვაქცინაციის შემდგომ ევროპაში დაფიქსირდა ძალიან იშვიათი და უნიკალური თრომბოემბოლიური მოვლენები თრომბოციტოპენიასთან კომბინაციაში, როგორიცაა ცერებრალური სისხლძარღვების თრომბოზი (CVST), დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევები გამოწვეულია ვაქცინაციით. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ფარმაკოზედამხედველობისა და რისკების შეფასების კომიტეტმა ასტრაზენეკას 20 მილიონი ვაქცინაციიდან განიხილა ცერებრალური სისხლძარღვების თრომბოზის 18 შემთხვევა ევროპაში. ამ იშვიათ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ დროისთვის დადგენილი არ არის (1). 

  • სამედიცინო პერსონალს და ვაქცინირებულ პირებს უნდა მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, რათა გაცნობიერებული ჰქონდეთ სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები და სიმპტომები COVID-19 საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინით აცრის შემდეგ, იცოდნენ როდის მიმართონ სამედიცინო დახმარებას და მიიღონ სწრაფი და ადეკვატური მკურნალობა.

  • GACVS-ის ქვეკომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გააგრძელონ COVID-19-ის ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგი და უზრუნველყონ საეჭვო გვერდითი მოვლენების გამოვლენა და შეტყობინების წარდგენა.

  • GACVS-ის ქვეკომიტეტი ეთანხმება მედიკამენტების ევროპული სააგენტოს გეგმას ამ მოვლენების შემდგომი გამოკვლევასა და მონიტორინგის შესახებ. 

GACVS-ს COVID-19-ის ქვეკომიტეტი გააგრძელებს COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოების მონაცემების გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. ჯანმოს სახელმძღვანელო COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოების მეთვალყურეობის შესახებ უზრუნველყოფს ქვეყნებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ახალი მონაცემებით. სახელმძღვანელოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

  1. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA)განცხადება:

https://www.ema.europa.eu/en/news/covid-19-vaccine-astrazeneca-benefits-still-outweigh-risks-despite-possible-link-rare-blood-clots


გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MRA) განცხადება:

https://www.gov.uk/government/news/uk-regulator-confirms-that-people-should-continue-to-receive-the-covid-19-vaccine-astrazeneca