Logo

სახელმწიფო პროგრამა

title

იმუნიზაცია

(პროგრამული კოდი 27 03 02 02)

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან, პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის მოსახლეობის უზრუნველყოფა ანტირაბიული ვაქცინითა და იმუნოგლობულინით, ასევე, სპეციფიკური შრატების/იმუნოგლობულინებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შექმნა.

 

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის (მათ შორის, B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, აგრეთვე ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ტეტანუსის/დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის) საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას;

ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების/იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;

გ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;

დ) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას;

ე) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის" პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე;

ვ) ვაქცინაციას დაქვემდებარებული სხვადასხვა სამიზნე, რისკის და პრიორიტეტული, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა სამინისტროსთან შეთანხმებით; ასევე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების აცრა ან/და აცრის პროცესის კოორდინირება და  სხვა შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

ზ) „ცივი ჯაჭვი“-ს (მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები) მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვასა და მონტაჟს.

თ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას, მ.შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვას და ადმინისტრირებას.

 

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებები, სპეციფიკური შრატები და ვაქცინები არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

2. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარს, ,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი  სოფლის ექიმისა და ექთნის შემთხვევაში 50-50 თეთრს.

 

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. მე-3 მუხლის „ა“, ,,გ“ (გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინისა) და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინების, ასაცრელი მასალებისა და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა ანტირაბიული ვაქცინისა), „დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების/შრატების/იმუნოგლობულინების და ,,ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის (მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები) მონტაჟის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

4. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება, რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომში – სჯდ) მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და ცენტრის მიერ განსაზღვრული წესით რეგისტრირებულნი არიან განმახორციელებელთან, სჯდ ცენტრებში გეოგრაფიული პრინციპით. სჯდ ცენტრების მიერ დარეგისტრირებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს განმახორციელებელთან.

5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისათვის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის გადაცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისათვის მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ასაცრელი მასალების და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაცემა სჯდ ცენტრების მეშვეობით „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტებისა და „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის მკურნალობის კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის, მოთხოვნის შესაბამისად. (4.05.2020 N290)

6. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურებას ახორციელებს არაგეგმური ვაქცინების, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დაწესებულებები.

8. მე-3 მუხლის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა/ადმინისტრირებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი).

 

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი.

 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი (4.05.2020 N290)

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 23,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

 

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

16,248.0

 

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

 

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

2,600.0

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,500.0

 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მ. შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

252.0

 

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

 

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

100.0

 

სულ:

23,000.0

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ შემომსვლელთათვის ვაქცინაციას ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ითვლებიან ყვითელი ცხელების გავრცელების არეალად.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური შრატები გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო მიზნით.

3. „ბცჟ" და „В“ ჰეპატიტის ვაქცინების მიმწოდებლები ასევე არიან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურებას და აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დადგენილი წესით დარეგისტრირებულნი არიან სჯდ ცენტრებში ვაქცინების მიმღებად.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან ,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები (სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები და სამედიცინო დაწესებულებები) და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას (აღრიცხვაზე ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) და აქვთ ვაქცინების შენახვა/ლოჯისტიკა/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან სჯდ ცენტრში და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან უსასყიდლოდ, გაწეული მომსახურებისათვის (ექიმის კონსულტაცია და აცრა-ვიზიტი) დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“,  „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის  ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმწოდებლად – „აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“,  „C ჰეპატიტის მართვა“, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამებით და ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის ,,ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების” კომპონენტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.

6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების სარეგისტრაციო ფორმას, შერჩევის კრიტერიუმებსა და ვადებს ადგენს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. შენარჩუნებულ იქნეს ,,იმუნიზაციის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. სჯდ ცენტრები ვალდებული არიან, ვაქცინების, შრატების/იმუნოგლობულინებისა და ასაცრელი მასალების გაცემა განახორციელონ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე და ,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ ფიზიკურ პირებზე, მას შემდეგ რაც განახორციელებენ აღნიშნული მიმწოდებლების მონიტორინგს ,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, იმ ინფექციური დაავადებების სიის, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადებისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N01-60/ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლის მიმღებმა დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და ეპიდჩვენებით აცრების თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

ბ) ბენეფიციარის მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებული აცრების თაობაზე ცნობის/ამონაწერის პროფილაქტიკური აცრების რუკიდან (ფორმა 063) მათთვის (მიმდინარე და/ან წინა პერიოდში) გაცემა უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

10. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონელი, ურგენტულ შემთხვევებში – სასიცოცხლო სამედიცინო ჩვენებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ პირებზე ვინც არ წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 18 წლამდე ასაკის საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

11. სჯდ ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.  ამასთან, ცენტრი უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იმყოფება პროფესიული რისკის ქვეშ, ასევე, B ჰეპატიტზე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებს (დიალიზზე მყოფ პაცინტებს, ჰემოფილიით დაავადებულ პირებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსმ პირებს), სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს, ხოლო ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინით - ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირებს (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით).

12. ცენტრს ეძლევა უფლება „ცივი ჯაჭვის" სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული საქონელი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს სჯდ ცენტრებს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მხოლოდ იმუნიზაციისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის (მ.შ. ,,პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების  მიმწოდებელი ფიზიკური პირებისათვის) დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლებით.

13. წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

14. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლეები (გარდა აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისა და ,,C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისა), კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრებიან ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ბენეფიციართა დამატებითი ჯგუფის განსაზღვრა საჭიროა მხოლოდ წინა წლისგან განსხვავებული კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.