Logo

26 მარტი -- ეპილეეფსიის ცნობიერების ამაღლების - იისფერი დღე,2022

title 2022 წლის 26 მარტი - იისფერი დღე ეპილეფსიის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია:

„ გავაძლიეროთ ერთმანეთი“

იისფერი დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძღვნება ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მითების განადგურებას და დაზარალებულთა მხარდაჭერის გაზრდას. ამ დღეს საფუძველი  2008 წელს ჩაეყარა, როდესაც ეპილეფსიით დაავადებულმა, ცხრა წლის კანადელმა გოგონამ - კესიდი მეგანმა (Cassidy Megan) გადაწყვიტა ეჩვენებინა გარშემომყოფთათვის, რომ ის მათგან არაფრით განსხვავდება და დაავადებასთან დაკავშირებული მითების გასაფანტად   "იისფერი დღე" (Purple Day) მოიგონა.  ყოველი წლის 26 მარტს ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს ამ დღის აღნიშვნას და თანადგომა გამოუცხადოს ეპილეფსიით დაავადებულებს.

ეპილეფსია უძველესი დაავადებაა. იგი ბერძნული სიტყვისაგან “epilambanein” წარმოდგება და ნიშნავს “მოულოდნელობით შეპყრობილს”.

ეპილეფსია მეოთხე, ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური აშლილობაა შაკიკის, ინსულტისა და ალცჰეიმერის შემდეგ. შეფასებები აჩვენებს, რომ ყოველი 26 ამერიკელიდან ერთს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ეპილეფსია უვითარდება.  ეპილეფსია ხასიათდება შეტევითი ხასიათის გულყრების განვითარებით, რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა კლინიკური, თუ  პარაკლინიკური სიმპტომები.  გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (ძირითადად კრუნჩხვითი გულყრა). მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%, 40-50 მილიონი ადამიანი ამ სენითაა დაავადებული. კვლევებმა ცხადყო, რომ ევროპის რეგიონში ბავშვებსა და მოზარდებში წლიურად ეპილეფსიის 130000 (ავადობა 100000 მოსახლეზე 70-ს შეადგენს), 20-64 წლის მოზრდილებში 96000 (ავადობის მაჩვენებელი 100000-ზე 30) და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი 85000 (ინციდენტობა 100 – 100000-ზე) ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გამონაკლისს, ბუნებრივია, არც საქართველო წარმოადგენს - ჩვენთან ავადობის საერთო მაჩვენებელი 0,6-1%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეპილეფსიით 30-40 ათასი ადამიანია დაავადებული, წლის განმავლობაში პირველად გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით კი 100000 მოსახლეზე ეპილეფსიის 60-70 შემთხვევა მოდის ანუ ეს პათოლოგია ყოველწლიურად დაახლოებით 1500-2000 ადამიანს უვლინდება. ეპილეფსია დროული გამოვლენისა და ადექვატური მკურნალობის პირობებში  ადვილად სამართავია. აქედან გამომდინარე, ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია!

ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი და გარემო!  

კრუნჩხვების განვითარების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს:

·         ანტიეპილეფსიური მედიკამენტების რეგულარული მიღება

·         ცხოვრების ჯანსაღი წესი

·         სპორტი და ფიზიკური დატვირთვა

·         ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება

·         ალკოჰოლური და სხვა ნივთიერებების თავიდან არიდება

·          სტრესის მართვა

·         ძილის მოწესრიგება

·         სინათლის ეფექტით აღჭურვილ ადგილებში ყოფნის შეზღუდვა და არიდება

·         ცხელი აბაზანის მიღების აკრძალვა

·         ვიტამინის მიღება

·         ტრავმის შემცირების მიზნით დამცავი ჩაფხუტების ტარება.

შემოგვიერთდით, გავაძლიეროთ ერთმანეთი  და ვიცხოვროთ ლაღად ეპილეფსიასთან ერთად!

 

https://nationaltoday.com/epilepsy-awareness-purple-day/

https://nationaltoday.com/epilepsy-awareness-purple-day/