Logo

კორონავირუსული ინფექცია

title

1. ზოგადი მიმოხილვა - კორონავირუსით გამოწვეული ვირუსული ინფექცია (გარდა SARS-ისა და MERS-CoV-ის) წარმოადგენს გრიპისმაგვარი დაავადების განვითარების ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს (10-15%) და  ყოველწლიურად აავადებს მოსახლეობას. მიჩნეულია, რომ კორონავირუსებით ინფიცირება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საშიშროებას არ უქმნის და იგი არ საჭიროებს დამატებით ლაბორატორიულ კვლევასა და რეაგირებას. 
2. გამომწვევი აგენტი - დაავადების გამომწვევია  ძირითადად 4 შტამი HCoV-229E, HCoV-oC43, HCoV-NL63 და HCoV-HKU1
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

4. რეზერვუარი -  რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი.

5. გადაცემის გზები - კონტაქტური, ჰაერწვეთოვანი.

6. ინკუბაციური პერიოდი  - საშუალოდ 1-10 დღე.

7. გადამდებლობის პერიოდი - დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.

8. მიმღებლობა - საყოველთაო.
9. კონტროლის ღონისძიებები: 
ა) პრევენციული ღონისძიებები - სეზონური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება. პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებებს რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში, კერძოდ მიზანშეწონილია შემდეგი ქმედებების გატარება:
ახალი შემთხვევების დროული გამოვლენა და განცალკევება;
შესაძლო კონტაქტებზე დაკვირვება  ინკუბაციური პერიოდის  განმავლობაში;
საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით;
ხელების ჰიგიენის მკაცრი დაცვა; მიზანშეწონილია ხელების დაბანა გამდინარე წყლითა და თხევადი საპნით, სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება;
იმ შემთხვევაში თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები).
ბ) პაციენტის და კონტატების კონტროლი (ვის უნდა შეატყობინონ და ა.შ.) – 
სეზონური კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებების ნუსხას არ მიეკუთვნება
პაციენტები პალატაში უნდა განთავსდნენ კოჰორტულად ან განცალკევებით ცალკეულ პალატებში
სამედიცინო პერსონალისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენება და ხელების ჰიგიენის დაცვა (იხ. გაიდლაინი „ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №148/ო ბრძანება);
პაციენტის გადაადგილების, ტრანსპორტირებისა და მოვლისას დაცული უნდა იყოს იზოლაციურ-შემზღუდავი ღონისძიებები

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - შემთხვევების/ეპიდაფეთქებების ადრეული გამოვლენა; საზოგადოების ინფორმირება.