Logo

21 ნოემბრიდან თამბაქოს კონტროლის კუთხით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

title

ცვლილება ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლებში ცნებების „თამბაქოს ნედლეული“ და „თამბაქოს ნარჩენები“ შემოტანას და აღნიშნულის პროდუქტის დაფასოების გარეშე მიწოდების აკრძალვას.

კერძოდ, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, თამბაქოს ნედლეულის მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. („თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-21 ნაწილი)

აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ცვლილება შედის ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს და შესახვევი თუთუნის  ნეტო მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველ ჯერზე 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 4 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 2019 წლის 21 ნოემბრიდან ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც და თამბაქოს ნედლეულის და თამბაქოს ნარჩენების, ისევე, როგორც „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდება როგორც იმპორტიორის, ასევე, ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან გახდება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია. (საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლი)                            

შეფუთვის წესებთან დაკავშირებით, „თამბაქოს ნედლეული“ და „თამბაქოს ნარჩენები“ ექცევა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმების ჩამონათვალში (მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტი) და მასზე, ჩვეულებრივ გავრცელდება თამბაქოს ნაწარმისთვის გათვალისწინებული შეფუთვის სტანდარტები. კერძოდ, აღნიშნულ ნაწარმზე ვრცელდება როგორც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეფუთვის ზოგადი სტანდარტები, ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის N14 დადგენილება „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი https://matsne.gov.ge/document/view/1160150?publication=6

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=439

„საგადასახადო კოდექსი“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=152