Logo

სალმონელოზი

title

ზოგადი მიმოხილვა - სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს  Salmonella-ს გვარის ბაქტერიები. კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს - დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიური ფორმით, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში სალმონელოზი  გასტოენტერიტის სახით გამოვლინდება. ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად სალმონელოზური გასტროენტერიტის  93.8 მილონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება.

გამომწვევი აგენტი: დავადებას  იწვევს  Salmonella-ს გვარის გრამ უარყოფითი ბაქტერიები. ცნობილია მისი 200-ზე მეტი  სეროვარი. მიღებულია, რომ სალმონელები დაიყოს ორ ჯგუფად: ტიფოიდურ (S. typhi) და არა-ტიფოიდურ სალმონელებად. არატიფოიდური სალმონელები (S. typhimuriumდა S. enteritidis) ყველაზე ხშირად არიან პასუხისმგებელნი  გასტროენტერიტის განვითარებაზე.

დაავადება  იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით (მძიმე ფორმების დროს - 390C და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, განმეორებად ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში ტკივილს, რასაც დღის განმავლობაში თან ერთვის დეფეკაციის გახშირება 3-10-ჯერ და მძიმე შემთხვებში მეტჯერაც. განავლოვანი მასები უხვია, წყლოვანი, ლორწოვანი მინარევებით. დაავადება უპირატესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ავადმყოფი  4-7 დღეში  სპეციფიური მკურნალობის გარეშეც გამოჯამრთელდება, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოხუცებში, პაციენტებს ესაჭროებათ ჰოსპიტალიზაცია, იშვიათად დაავადება ლეტალურადაც მთავრდება.  მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან) არის ასოცირებული. სალმონელოზის დიაგნოზის დადასტურება განავლის (სეპტიცემიის დროს სისხლის) ბაქტერიოლოგიური კვლევით ხდება.

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: სალმონელოზი საკვებითა და წყლით  გადაცემადი  ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს დაბინძურებული პროდუქტები, უმეტესად ცხოველური წარმოშობის. სალმონელოზი უმეტესად მცირე და საშუალო სიდიდის ეპიდაფეთქებების სახით გვხვდება, რომლებიც კონტამინირებული, არასათანადოდოდ მომზადებული ან შენახული საკვების მიღებას უკავშირდება.  უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით განპირობებული მოახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები. დაავადება განსაკუთრებით  ხშირია  ბავშვებში.

რეზერვუარი: სალმონელოზის წყაროს დაავადებული ცხოველები და ზოგჯერ ადამიანები წარმოადგენენ (აღსანიშნავია რომ ცხოველებში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს). ინფექციის რეზერვუარები ძირითადად მაინც რეკონვალესცენტები  ან მსუბუქი/წაშლილი ფორმით დაავადებულნი არიან. გამომწვევების  ქრონიკული  მტარებლობა  იშვიათია.

გადაცემის გზები: ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ყველა სხვა ნაწლავური ინფექცია, სალმონელოზიც ვრცელდება  იმ შემთხვევებშიც, როდესაც  არ  სრულდება  ან  უგულებელყოფილია  ჰიგიენური  ნორმები.

ინკუბაციური პერიოდი: ტიპიურ შემთხვევაში დაავადება ინფიცირებიდან  12-72 საათში  იწყება.

გადამდებლობის პერიოდი:  ადამიანი გადამდებია ინფექციის მწვავე მიმდინარეობის განმავლობაში (დაავადების გამომწვები დიდი ოდენობით გამოიყოფა ფეკალური მასებით), პერიოდი ვარიაბელურია, გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ე.წ. დროებითი მტარებლობა უმეტესად ბავშვთა ასაკში ყალიბდება და რამდენიმე თვე მიმდინარეობს. 1%-დან 5%-მდე შემთხვევებში ბაქტერიების გამოყოფა >1 წელზე მეტ ხანს გრძელდება .

მიმღებლობა: საყოველთაოა. დაავადების რისკი შედარებით მაღალია ანტაციდებით  ან იმუნოსუპრესორებით მკურნალობის, ნეოპლაზმური  პროცესის, მიმდინარე ან ახლო წარსულში  ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია გამომწვევის სეროტიპზე, მიღებული ბაქტერიების რაოდენობასა  და მასპინძლის ფაქტორებზე. 

კონტროლის  ღონისძიებები: ანალოგიურია, როგორც სხვა ნაწლავთა ინფექციებისას.

a.                   პრევენციული ღონისძიებები: სალმონელოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების მთელი პროცესის კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახის პირობებში. მნიშვნელოვანია პირადი  ჰიგიენის  წესების დაცვა.

ძირითადი პრინციპები სალმონელოზით დაავადების თავიდან ასაცილებლად შემდეგია:

•           ყოველთვის მიიღეთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი

•           მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ  პროდუტს

•           კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული

•           დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

•           კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

•           დარწმუდით წყლის უსაფრთხოებაში

•           დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი

•           განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები

•           დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს

•           დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ

b.                  პაციენტის და კონტატების კონტროლი: სალმონელოზის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ექვემდებარება  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (ეპიდზედამხედველობის) შესაბამის სტრუქტურებში სავალდებულო შეტყობინებას. დაავადებული პაციენტის მოვლის დროს საჭიროა  კონტაქტური უსაფრთხოების ზომების დაცვა. სიმპტომური პაციენტები არ დაიშვებიან საკვების მომზადების/წარმოების პროცესში. მიზანშეწონილია განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა იმ კონტაქტებში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საკვების მომზადების/წარმოების პროცესში ან უვლიან ბავშვებსა და მოხუცებულებს.

c.                   ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: ეპიდაფეთქების კვლევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს საკვების მომზადების მთელ პროცესს, „ფერმიდან თეფშამდე“ და დაიგეგმოს დარღვევების მქონე ეტაპის შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.  შემთხვევების შესახებ უნდა ეცნობოს სოფლის მეურნეობისა სამინისტროს დადგენილი წესის მიხედვით.

d.                  ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: დაავადების შემთხვევები იმატებს ზაფხულის პერიოდის განმავლობაში. სალმონელოზით მასობრივი დაავადება შეიძლება განვითარდეს სასმელი წყლის დაბინძურების ან ჰიგიენური მდგომარეობის მასშტაბური გაუარესების შემთხვევაში.

e.                  საერთაშორისო ღონისძიებები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრების მონაცემთა ბაზაში აგრეგირდება ინფორმაცია ქვეყნებში სალმონელოზის შემთხვევების შესახებ, ხოლო განზოგადებული ინფორმაცია მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ვრცელდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით.