Logo

რას წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები?

title

რას წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები?

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას–მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას–თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ  სარქვლოვან დაავადებებსა და  გართულების სახით-გულის უკმარისობას. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი ქცევითი  რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტითა და თავის ტვინის ინსულტით, 17,3 მლნ–ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. 5 შემთხვევიდან 4 სიკვდილის შემთხვევა მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე, ქალთა და მამაკაცთა პოპულაციებზე თანაბრად.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ძირითადი ჯგუფის მორფოლოგიური საფუძველი, ათეროსკლეროზული პროცესია, რომლის არსიც მდგომარეობს სისხლძარღვის კედელში ცხიმოვანი მასების დალექვასა და მის ირგვლივ შემაერთებელი ქსოვილის განვითარებაში. ეს უკანასკნელი იწვევს სისხლძაღვის კედლის გასქელებასა და დეფორმაციას, სანათურის შევიწროვებასა და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. ფიბროზული ფოლაქები სისხლძარღვში განვითარებას იწყებს ბავშვთა ასაკიდან. კვლევებით დადგენილია, რომ 10–14 წლის მოზარდთა 20%–ში ადგილი აქვს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, რომელთა ინტენსივობა ყოველ მომდევნო 5 წელიწადში 10%–თ მატულობს. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომატიკა, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას–ესაა სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას–თავის ტვინის ინსულტი.

ინსულტი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება. ეს იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ინსულტი მწვავე სამედიცინო  გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დიაგნოსტირებისა და მართვის პრინციპი ეფუძნება კონცეფციას ,,დრო არის ტვინი და ტვინი არის დრო’’. პაციენტებში ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილობისა და ავადობის შემცირება, თუმცა ადრეული მართვა შეუძლებელია დროული დიაგნოსტიკისა და შეფასების გარეშე (GP GPD in asoosiation with Royal College of General Prectitioners –Just in time,  BMG 2007.

http://www.who.int/topics/cardiovascular_diseases/en/http://www.heart.org/HEARTORG/Caregiver/Resources/WhatisCardiovascularDisease/What-is-Cardiovascular-Disease_UCM_301852_Article.jsp

გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი სიმპტომები და პაციენტის ქცევის მოდელი

იცოდეროდის მიმართო ექიმს

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები  წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მიუხედავად დაავადების სახეობისა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკებისა და სახიფათო ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ დროულად იგრძნოთ საშიშროება.

ხართ თუ არა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ რისკის ქვეშ? თქვენი პერსონალური რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენების კონტროლს თქვენ შეძლებთ.

ფაქტორები,რომელთა კონტროლიც შეუძლებელია:

  • ასაკი
  • სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას)
  • ოჯახური ისტორია

 

ფაქტორები,რომელთა კონტროლსაც თქვენ შეძლებთ:

  • ქოლესტეროლის  შემცველობა სისხლში
  • ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი

 

ძირითადი  ნიშნები და სიმპტომები საერთოა  გულ–სისხლძარღვთა დაავადებების უმრავლესობისათვის.

თუ თქვენ პერიოდულად გაქვთ  შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:

  • ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
  • უცებ განვითარებული  დაღლილობის შეგრძნება
  • აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
  • არარეგულარული გულისცემა
  • ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
  • ძილის დარღვევები

ინსულტის მაღალი რისკის პაციენტებსა და მათ ოჯახს წევრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინსულტის სავარაუდო სიმპტომების შესახებ, რათა მათი გამოვლენისთანავე  მათ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გულის შეტევა უხშირესად ვითარდება უეცრად, მაგრამ არა ყოველთვის და გარკვეულ შემთხვევებში, ამ ინციდენტს  წინ უსწრებს:

  • შეტევითი ხასიათის ტკივილი, წვა  ან ზეწოლა მკერდის ძვლის უკან
  • ტკივილი ,რომელიც ვრცელდება და/ან ირადირებს ზურგში, კისერში, ყბებში ან მხარში
  •  გულისრევა, ცივი ოფლი
  • სწრაფი  და/ან არარეგულარული გულისცემა

 

ქალებში ტიპური იშემიური ხასიათის ტკივილი გულმკერდში შედარებით იშვიათია. ქალებში ამ მხრივ საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ქოშინი
  • გულისრევა/პირღებინება
  • ტკივილი ზურგში ან ყბებში
  • უეცრად განვითარებული დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
  • ხველა
  • შფოთვა

 

http://www.thedacare.org/Symptoms-and-Conditions/Cardiology/Understanding-Heart-and-Vascular-Problems/Risks-and-Warning-Signs.aspx