title
1.ზოგადიმიმოხილვა - ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. სიმპტომები შიძლება ორ ეტაპად გამოვლინდეს. თითქმის ყველა მძიმე შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა - ნეფრიტი ანურიით და ურემიული მოვლენებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბო-ჰემორაგიული სინდრომი, რეციდივები 3-4 ტემპერატურული ტალღით, ხშირად ახლავს მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება, მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები.
ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. ლეპტოსპიროზი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა არათანაბრადაა გავრცელებული. ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში. ლეპტოსპიროზისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული სეზონურობა. დაავადება გავრცელებულია თანაბარი ინტენსივობით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
2. გამომწვევიაგენტი-ლეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Leptospira interrogans - ის გვარს და სპიროქეტების ოჯახს.
3. მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები - დაავადება არის პროფესიული, რისკის ჯგუფები არიან:ვეტერინარები, სამხედროები, მინდორში მომუშავეები, ცხოველთა ფერმის მუშაკები, მეთევზეები, კანალიზაციის მუშები. შემთხვევები ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანთა დაინფიცირება ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას.
4. რეზერვუარი-ლეპტოსპირა ბინადრობს გარეული და შინაური ცხოველების თირკმლის გორგლებში და გარემოში გამოიყოფა შარდთან ერთად. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები: ვირთაგვა, ტყის მემინდვრია, სახლის თაგვი, ძაღლი, ძროხა, ღორი და სხვა, რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებ პროდუქტებს, გარშემო საგნებს.
5. გადაცემისგზები-ადამიანი ინფიცირდება ცხოველების შარდით დაბინძურებულ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად,. Leptospira ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის, დაზიანებული კანის, აგრეთვე დაბინძურებული საკვები პროდუქტების საშუალებით იჭრება (ალიმენტური), ასევე კონტაქტური გზით (დაავადებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტით). დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან.
6. ინკუბაციურიპერიოდი-ძირითადად 10 დღეა, მერყეობს 2-დან 30 დღემდე.
7. გადამდებლობისპერიოდი- ლეპტოსპიროზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ძალიან იშვიათად სქესობრივი გზით, ტრანსპლაცენტარულად და დედის რძით. ლეპტოსპირები შარდში გვხვდება დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში.
8. მიმღებლობა - ლეპტოსპიროზით ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი სეროვარსპეციფიურია. ვაქცინაცია ვერ იცავს ადამიანს ლეპტოსპირას სხვა სეროვარებით გამოწვეული დაავადებისაგან.
9. კონტროლისღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები
ü არ იცურაოთ და არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადებული ცხოველების შარდით;
ü პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმნები) დაბინძურებულ ნიადაგთან, წყალთან, ცხოველთა ქსოვილებთან ან შარდთან კონტაქტისას;
ü ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა ექიმის დანიშნულებით (200 მგ დოქსიციკლინი კვირაში, არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის).
ü ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ;
ü დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება;
ü დერატიზაცია
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.
ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) შესაბამის ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.
გ) ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები - ინფექციის წყაროს და გადაცემის გზების დადგენა. სავარაუდო წყაროსთან ექსპოზირებულებზე მეთვალყურეობა.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - ლეპტოსპიროზის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება. წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
ე) საერთაშორისო ღონისძიებები - არ შეესაბამება.