Logo

ფაქტები თამბაქოზე

title

ფაქტები თამბაქოზე

ფაქტები[i]

თამბაქო კლავს მის მომხმარებელთა ნახევარზე მეტს.

ყოველწლიურად, მსოფლიოში თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით 6 მილიონი ადამიანი კვდება. თამბაქოს უშუალო მოხმარებით  5 მილიონზე მეტი და  მეორადი კვამლის ზეგავლენით 600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილობის რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს.

მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი დაახლოებით 80%  დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.

მართალია, გლობალურად თამბაქოს პროდუქტების მოხმარება იზრდება, თუმცა ზოგიერთ საშუალოზე მაღალ და მაღალ განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა.

 

სიკვდილობისავადობის და სიღარიბის წამყვანი მიზეზი

თამბაქოს ეპიდემია ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას და ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს. ყოველწლიურად, თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5 მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენის შედეგად 600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო ყოველ 6 წამში დაახლოებით 1 ადამიანი იღუპება, 10 ზრდასრული ადამიანიდან 1. თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საბოლოო ჯამში  თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო მოკვდება. მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი დაახლოებით 80%  დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს.

თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებული მდგომარეობების გამო დროზე ადრე იღუპებიან, თავიანთი ოჯახების შემოსავალს საგრძნობლად ამცირებენ, პრობლემას უქმნიან ჯანდაცვის და ეკონომიკის განვითარებას.

ზოგიერთ ქვეყანაში, ხშირად ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან  თამბაქოს პლანტაციებში უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ოჯახის შემოსავალი. ეს ბავშვები „მწვანე თამბაქოს დაავადებით“, რომელსაც თამბაქოს სველი ფოთლების დამუშავების პროცესში კანიდან შეწოვილი ნიკოტინი იწვევს, ავადდებიან.

 

ნელი მკვლელი

რამდენადაც, თამბაქოს მოხმარების დაწყების მომენტიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენამდე რამოდენიმე წელია საჭირო, თამბაქოსთან დაკავშირებული  დაავადებების და სიკვდილობის ეპიდემია ახალი დაწყებულია.

მე–20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარებასთან  100 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო დაკავშირებული. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21 საუკუნეში თამბაქოსთან 1 მილიარდი სიკვდილი იქნება დაკავშირებული.

2030 წლისთვის, თამბაქოს კონტროლისკენ მიმართული შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე, თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილობა  8 მილიონამდე გაიზრდება. ამ სიკვდილობის 80%–ზე მეტი   დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში დაფიქსირდება.

 

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა

თამბაქოს მოხმარების მოცულობისა და ხასიათის შესასწავლად, პოლიტიკის ადაპტაციის საუკეთესო საშუალებების განსაზღვრისთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თამბაქოს მონიტორინგი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება მხოლოდ ყოველ მე-4 ქვეყანაში, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს.

 

მეორადი კვამლი კლავს

თამბაქოს ნაწარმის მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილ კვამლს, რომელიც ავსებს რესტორნებს, ოფისებს და სხვა დახურულ სივრცეებს, როცა ადამიანები ეწევიან, მეორადი კვამლი ქვია. თამბაქოს კვამლში 4000–მდე ქიმიური ნივთიერებაა; მათგან 250 კარგად ცნობილი მავნე ნივთიერებაა, 50–ზე მეტი კი კიბოს გამომწვევია. არ არსებობს მეორადი კვამლის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.

  • მოზრდილებში, მეორადი კვამლი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მათ შორის გულის კორონალურ დაავადებებს და ფილტვის კიბოს,  ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომს, ორსულებში დაბალწონიანი ნაყოფის დაბადებას იწვევს.
  • ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • ბავშვების დაახლოებით 40%–ს ერთი მწეველი მშობელი ყავს.
  • მეორადი კვამლი ყოველწლიურად  600000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
  • 2004 წელს ბავშვებზე მეორად კვამლთან დაკავშირებული სიკვდილობის 28% მოდიოდა.

ყველა ადამიანს აქვს თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი ჰაერით სუნთქვის უფლება. თამბაქოსაგან თავისუფალი კანონი იცავს არამწეველთა ჯანმრთელობას, არ აყენებს ზიანს  ბიზნესს და ხელს უწყობს მწეველებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში.

მსოფლიოს მოსახლეობის 16%–დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი-თამბაქოსაგან თავისუფალი სახელმწიფო პოლიტიკითაა დაცული.

 

თამბაქოს მომხმარებლებს თამბაქოზე თავის დასანებებლად მხარდაჭერა სჭირდებათ

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს, კვლევების მიხედვით, არცთუისე ბევრი ადამიანი აღიქვამს. მაგ, ჩინეთში 2009 წელს ჩატარებულმა კვლევის მიხედვით მწეველთა მხოლოდ 38 %–მა იცოდა, რომ მოწევა იწვევს გულის კორონალურ დაავადებებს და მხოლოდ 27%–მა იცოდა, რომ  იწვევს ინსულტს. იმ მწეველთა უმრავლესობას, რომელთაც ქონდათ ინფორმაცია თამბაქოს საფრთხეების შესახებ, უნდოდა თავის დანებება მოწევაზე.

კონსულტაციებს და მედიკამენტებს შეუძლიათ თამბაქოზე თავის დანებების წარმატებულობის გაორმაგება.

თამბაქოს მომხმარებელთათის თამბაქოზე თავის დანებების ეროვნული სერვისები, საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვით,  ხელმისაწვდომია მხოლოდ 21 ქვეყანაში, სადაც  მსოფლიო მოსახლეობის  15%ცხოვრობს.

დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ერთ მეოთხედში თამბაქოზე თავის დანებების  სერვისები ჯერჯერობით არ არსებობს.

 

 გამაფრთხილებელი სურათების ზეგავლენა

თამბაქოს საწინააღმდეგოდ მიმართული რეკლამები და სიგარეტის კოლოფებზე განთავსებული გრაფიკული გაფრთხილებები–განსაკუთრებით კი სურათები–ხელს უწყობს მოზარდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციასა და ზრდის იმ მწეველთა რაოდენობას, რომელთაც თავი დაანებეს მოწევას. გრაფიკულ გამოსახულებებს შეუძლიათ დაარწმუნონ მწეველები სახლში მწეველობის შემცირებით არამწეველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვების თანდასწრებით მოწევაზე უარის თქმის აუცილებლობაში. კვლევებმა, რომელიც  გრაფიკული გამოსახულებების სიგარეტის კოლოფებზე დატანის პრაქტიკის შემდეგ ჩატარდა ბრაზილიაში, კანადაში, სინგაპურსა და ტაილანდში უჩვენა, რომ გრაფიკული გამოსახულებები მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შესახებ.

გამაფრთხილებელ გრაფიკულ ნიშნებს იყენებს მხოლოდ 30 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს პოპულაციის 14% ცხოვრობს. ამ ქვეყნების უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანებია. აღნიშნულ ნიშნებს სიგარეტის კოლოფის ზედაპირის მინიმუმ ნახევარი უკავიათ კოლოფის  წინა  და  უკანა ზედაპირზე; გაფრთხილება კი ადგილობრივ ენაზეა.  

თამბაქოს მოხმარების შემცირებაში მნიშვნელოვანია მასმედია–კამპანიების როლიც. ის მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას არამწეველთა დაცვისა და ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის კუთხით.

ბოლო 2 წლის განმავლობაში 37 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, ჩატარდა მინიმუმ ერთი თამბაქოს საწინააღმდეგო მედია კამპანია.

 

რეკლამების აკრძალვა  თამბაქოს მოხმარებას ამცირებს

თამბაქოს რეკლამირების, პრომოციისა და სპონსორობის აკრძალვა თამბაქოს მოხმარების შემცირებას იწვევს- შეუძლია შეამციროს თამბაქოს მოხმარება  დაახლოებით 7%  ით, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში-16% -მდეც კი.

თამბაქოს ყველა სახის რეკლამირება, პრომოცია და სპონსორობა  მხოლოდ 24 ქვეყანაშია აკრძალული, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის 10 % ცხოვრობს. დაახლოებით ყოველ მესამე ქვეყანაში თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პრომოციის კუთხით  მინიმალური ან არანაირი შეზღუდვებია დაწესებული.

 

გადასახადები აფერხებს თამბაქოს მოხმარებას

თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა ერთ–ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური საშუალებაა, რომელიც ამცირებს თამბაქოს მოხმარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებში. გადასახადების ზრდა, რომელიც იწვევს თამბაქოს ფასის 10%–ით მომატებას, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებას  დაახლოებით 4%–ით, ხოლო დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში 8%–ით ამცირებს. თამბაქოს გადასახადები სააცალო ფასთან მიმართებაში 75%–ით მაღალია მხოლოდ 32 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 8% ცხოვრობს. არსებული მონაცემებით თამბაქოს გადასახადებიდან შემოსავალი საშუალოდ 175–ჯერ აღემატება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დანახარჯებს.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია  ჩაბმული. 2005 წლის თებერვალში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია  შევიდა ძალაში. ეს კონვეცია გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული ხელშეკრულებაა და მოიცავს 176 ქვეყანას, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 88% ცხოვრობს. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისთვის მთავარი ინსტრუმენტია.   მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეს შეთანხმება იცავს ადამიანის უფლებებს ჯანმრთელობის  მაღალ სტანდარტებზე, უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის იურიდიულ საფუძვლებს და ადგენს  სტანდარტებს ამ შეთანხმების აღსრულებისთვის.

2008 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩარჩო–კონვენციის იმპლემენტაციის გაფართოებისთვის შეიმუშავა პრაქტიკული, ხარჯთეფექტური კომპლექსი– MPOWER. ამ კომპლექსის თითოეული დებულება  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო–კონვენციის სულ მცირე ერთ დადგენილებას შეესაბამება.

MPOWER–ის 6 დებულება:

  • თამბაქოს მოხმარების მონიტორინგი და მისი პრევენციის საშუალებები
  • ადამიანების დაცვა თამბაქოს მოხმარებისგან
  • თამბაქოზე თავის დანებებისთვის დახმარების შეთავაზება
  • გაფრთხილება თამბაქოსთან დაკავშირებულ საშიშროებებზე
  • თამბაქოს რეკლამირების, პრომოციისა და სპონსორობის აკრძალვის გაძლიერება
  • გადასახადების ზრდა თამბაქოს ნაწარმზე

 


[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/