Logo

პრესკონფერენცია - ევროპის იმუნიზაციის კვირეული 23.04.2018

title

2018 წლის 23 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ კორპუსში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად  გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით 

აცერი და დაიცავი!

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსსაქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და  საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებიიმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის ექსპერტთა კომიტეტების  წევრები და ცნობადი სახეები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23 - 29 აპრილის  პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

 

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

 

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.

 

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში; მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია  ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამის („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”) 

 

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში  2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2017 წლიდან  ქალაქებში   თბილისსა და  ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა.

 

ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა

მიუხედავად ამ წარმატებებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან

 

მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება  ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

შეფასებებით, 250 მილიონზე მეტი ადამიანია  დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით;

 

2018 წელს რუმინეთში დაფიქსირდა წითელას  1 709 შემთხვევა  (9 გარდაცვალება),  საფრანგეთში  - 1 547 (1 გარდაცვალება)იტალიაში  - 411 (2 გარდაცვალება), საბერძნეთში -      1 532 (1 გარდაცვალება), უკრაინაში წითელას 10 000-მდე  შემთხვევა (7 გარდაცვალება). ასევე, ეპიდაფეთქებები მიმდინარეობს ბელორუსიაში,  სერბეთში, თურქეთში,  რუსეთში (500 შემთხვევა).

 

საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33%  - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

2018 წელს დღემდე დარეგისტრირებულია  512 შემთხვევა.  შემთხვევების 14%   მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

 

წითელა  და წითურა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთერთ ძირითად მიზეზად,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

საქართველოში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად, წითელას  საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

 

 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს წითელას და წითურას საწინააღმდეგო იმუნოპროფილაქტიკას წწყ ვაქცინით.

წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!

 

საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო  მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში. ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. 2017 წლიდან  ქალაქებში   თბილისსა და  ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა.

აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!

 

ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად.  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

 

ვაქცინები მოქმედებს!                                                                   აცერი და დაიცავი!

 

 


ევროპის იმუნიზაციის კვირეული

დაგეგმილი აქტივობები 

რეგიონებში დაგეგმილი აქტივობები 

იმუნიზაციის ფლაერი