Logo

საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან,COVID-19, 05.09.2020

title

2020 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მედია საშუალებების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს შეხვედრა სახელწოდებით ,,COVID-19 მსოფლიოსა და საქართველოში".

შეხვედრას ესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, დასავლეთ საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

მედია სემინარი ორდღიანია და მიზნად ისახავს მოწვეული ჟურნალისტების ინფორმირებას კორონავირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.

ღონისძებაზე სხვადასხვა პრეზენტაციის საშუალებით საქართველოში კორონავირუსის მდგომარეობისა და პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხილვა გაიმართა. სემინარის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე, შეიტყობენ იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს COVID -19 პანდემიის საპასუხოდ.

ახალი კორონავირუსის შესახებ გლობალური და ადგილობრივი მედიით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამისთვის, აუცილებელია, მედია წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტები აღჭურვილი იყვნენ უახლესი და სიღრმისეული ინფორმაციით.