title
ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.
ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ.
აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისათვის. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად ჯანმო ქვეყნებს სთავაზობს ძალისხმევის მიმართვას ხუთი სტრატეგიული ქმედებისაკენ:
პრევენცია - ახალშობილებში B ჰეპატიტის პრევენცია ვაქცინაციით, იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შესაბამისად.
დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენცია - ყველა ორსულ ქალს რუტინულად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება B ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და სიფილისზე და მიეწოდოს მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში.
არავინ დარჩეს პროგრამის მიღმა - ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ჰეპატიტის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე, მ.შ. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, პატიმრებს, მიგრანტებს და სხვა მაღალი რისკის მქონე მოწყვლად ჯგუფებს.
გაფართოება - ტესტირებასა და მკურნალობაზე წვდომის გაფართოება. ვირუსულ ჰეპატიტზე დროული ტესტირება და მკურნალობა ღვიძლის კიბოსა და ღვიძლის სხვა მწვავე დაავადებების პრევენციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
შენარჩუნება - ჰეპატიტის სერვისების შენარჩუნება, როგორიცაა იმუნიზაცია, ზიანის შემცირება და ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობა, აუცილებელია COVID-19 პანდემიის პერიოდში.
2020 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი თემებია
ვიპოვოთ მილიონობით ინფიცირებული!
მომავალი ჰეპატიტის გარეშე!
ტრადიციულად, 28 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს სლოგანით:
„საქართველო C-ს გარეშე“
„ჰეპატიტისაგან თავისუფალი მომავალი მიღწევადია გაერთიანებული ძალისხმევით“
„პრევენციით“
„ტესტირებითა და მკურნალობით“
„ჩართულობით“
„გაფართოებით“
„შენარჩუნებით“
B და C ვირუსული ჰეპატიტები გლობალური ჯანმრთელობის უდიდესი გამოწვევაა. დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. ვირუსული ჰეპატიტი ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ და აივ ინფეცქია/შიდსთან შედარებით ცხრაჯერ უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუ არ მოხდა სკრინინგის, დიაგნოსტირების და მკურნალობაში ჩართვის მნიშვნელოვანი გაძლიერება, დაინფიცირებულთა და ვირუსული ჰეპატიტით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ვირუსული ჰეპატიტები არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში, აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98-100% ეფექტურობით ახდენს ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. საქართველოში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2002 წლიდან მიმდინარეობს. B და C ჰეპატიტით ინფიცირების სტატუსის დასადგენად ტარდება ტესტირება. ქრონიკული C ჰეპატიტის დადასტურებისას, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით 2-3 თვიანი მკურნალობის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება სრულიად განიკურნოს. თუმცა, მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტის მქონე პირთა 80%-ს პრევენციულ, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა არ აქვს.
2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობაში ჩართვა. ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება.
2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს აერთიანებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ წარადგინა საქართველო, როგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. 2017 წლის 1 ნოემბერს, ბრაზილიაში, ჰეპატიტის მსოფლიო სამიტზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მიენიჭა „NOhep Visionary“-ს საპატიო სტატუსი. 2019 წელს, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს გადაეცა მსოფლიოში პირველი ’’ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.
2015 წლის აპრილში, აშშ-ს მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), კომპანია გილეადის, ჯანმოს, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020) და დაიწყო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია სლოგანით „STOP-C“. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ელიმინაცის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
ასევე, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) თანაშრომლობით, ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად, ქვეყანაში შემუშავდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა, რომელიც აერთიანებს ექვს სტრატეგიულ მიმართულებას:
ადვოკატირება, ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლება და პარტნიორების მოძიება HCV-სთან დაკავშირებული რესურსების მობილიზაციის მიზნით.
HCV გადაცემის პრევენცია.
HCV ინფიცირებული პირების გამოვლენა.
HCV ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება.
HCV მოვლისა და მკურნალობის სერვისებით უზრუნველყოფა.
HCV ზედამხედველობის გაუმჯობესება.
სტრატეგია ითვალისწინებს 2020 წლისთვის დასახულ შემდეგ სამიზნეებს:
HCV ინფიცირებულ პირთა 90%-ის გამოვლენა.
ქრონიკული ინფექციის მქონე პირთა 95%-ის მკურნალობა.
მკურნალობაში ჩართულთა 95%-ის განკურნება.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.
წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.
C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც აქტიურად ხორციელდება ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირება, რომელიც ყველაზე ახლოსაა სკრინინგის სამიზნე მაჩვენებელთან და სადაც უახლესი თაობის მედიკამენტებით ამ დაავადების უფასო მკურნალობის პროგრამით მოცვა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%), პროგრამაში ჩართულია 70 ათასი პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%), განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
დღეს, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც, ქვეყნის მასშტაბით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103