Logo

გულის მსოფლიო დღე, 29 სექტემბერი, 2022 წ

title

გულით თითოეული გულისთვის

გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 29 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია გულსისხლძარღვთა დაავადებების, მათი რისკებისა და პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გულის მსოფლიო დღე 1999 წელს დაწესდა გულის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით. დღის დაარსების იდეა გულის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, ანტონი ბაიეს დე ლინას (1997-1999 წწ) ეკუთვნის.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად, დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ამავდროულად, სიკვდილობის 85% გამოწვეულია ინსულტით და ინფარქტით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების სამი-მეოთხედი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც დაავადების ადრეული გამოვლენის და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დაბალია.

არსებობს რიგი რისკ-ფაქტორები (მავნე ჩვევა, ქცევა, ან მდგომარეობა), რაც გულ-სისხლძარღვთა განვითარების რისკს ზრდის. მაღალი წნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის ინფარქტისა და ინსულტის) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორთა დიდ ნაწილზე ზემოქმედება და მათი შეცვლა შესაძლებელია. ამ რისკ-ფაქტორების ნაწილი ჯანმრთელობისთვის მავნე ქცევასთან არის დაკავშირებული, ნაწილი კი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევას წარმოადგენს. რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება და რისკის თანამიმდევრული კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის.

ქცევითი რისკ-ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა; მარილის ჭარბი მოხმარება; არაჯანსაღი კვება; ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; სტრესი და ნერვული დაძაბულობა.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული (.. მეტაბოლური) რისკ-ფაქტორებია: მაღალი წნევა (ჰიპერტენზია); სისხლში ქოლესტეროლის და გლუკოზის მაღალი დონე; შაქრიანი დიაბეტი და პრედიაბეტი (გლუკოზის ცვლის დარღვევა); ჭარბი წონა და სიმსუქნე.                                                                                          

როგორ აღვნიშნოთ #გულის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად, მსოფლიოში გულის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, კონცერტები, შენობების წითლად ანათება, და ..

გულის მსოფლიო ფედერაცია ხაზს უსვამს იმ გმირების მნიშვნელობას და თავდადებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კარდიოლოგიის მიმართულების განვითარებაში, მათ შორის არიან ექიმი-კარდიოლოგები, მკვლევარები და ის ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების ჯანსაღი წესის მეშვეობით შეძლეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  დამარცხება.

ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობის მრავალი გზა არსებობს. შეგიძლიათ დაიწყოთ სწორი არჩევანით:

·         იყავით ფიზიკურად აქტიური

·         უარი უთხარით თამბაქოს და დაიცავით თავი თამბაქოს მეორადი კვამლისაგან

·         იცოდეთ თქვენი არტერიული წვენის ციფრები

·         იკვებეთ ჯანსაღად

·         მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას

·         ეცადეთ შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონა

·         წამლები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; მართეთ დაავადება ექიმთან ერთად!

 

აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი!

გულით თითოეული გულისთვის“ (use heart for every heart)

 

გულის მსოფლიო დღე შესაძლებლობაა ყველასთვის, ყურადღება გაამახვილოს იდეაზე, თუ როგორმართოსგული, როგორც საკუთარი, ასევე ზოგადად, საზოგადოების და ბუნების საკეთილდღეოდ. გული ერთადერთი ორგანოა, რომლის მოსმენა და შეგრძნება შეგვიძლია. იგი სიცოცხლის პირველი და უკანასკნელი ნიშანია.  

გულით საზოგადოებისთვის

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობასა და მხარდაჭერაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოში, ქვეყნების მიხედვით. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 75%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფიქსირდება, თუმცა თანაბარი ხელმისაწვდომობა შეიძლება ყველგან პრობლემა იყოს. გულის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გამართული გლობალური ღონისძიებებისა და ადგილობრივი აქტივობებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ  ცნობიერება და მხარი დავუჭიროთ  კაცობრიობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ  ცვლილებებს.

გულით ბუნებისთვის

ჰაერის დაბინძურება უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 25%-ს, რაც ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტის გაჯანსაღებაში - იქნება ეს  მყისიერი ქმედებები, როგორიცაა ფეხით ან ველოსიპედით სიარული მანქანით გადაადგილების ნაცვლად, თუ გრძელვადიანი ძალისხმევა, როგორიცაა სუფთა ჰაერის შესახებ კანონმდებლობის მხარდაჭერა.

გულით საკუთარი თავისთვის

ფსიქოლოგიურმა სტრესმა შეიძლება გააორმაგოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. აუტოტრენინგი, მედიტაცია და საკმარისი ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს სტრესის ზემოქმედების შემცირებას. სტრესული სიტუაციების მართვით შეგვიძლია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ  გულის ჯანმრთელობა

 

გამოყენებული წყაროები:

www.ncdc.ge

www.nationaldaycalendar.com/world-heart-day-september-29/

www.world-heart-federation.org/world-heart-day/about-whd/world-heart-day-2022/