Logo

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრესი 14.12.2021

title 2021 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა თემაზე

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრესი „SARS-CoV-2-ის, ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკ-ფაქტორების პოპულაციური კვლევის“ შედეგებზე დაყრდნობით

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი კელი დეგნანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, დარგის ექსპერტები აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან (US CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლები.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც 2015 წლიდან წარმატებულად მიმდინარეობს, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუთქვა სახელი საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე და ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

პროგრამის მიზანია ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის - C ჰეპატიტით ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია, დაავადებულ პირთა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ძირითადი პარტნიორები არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), Gilead Science Inc. და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

2021 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში „საქართველოში SARS-CoV-2-ის, B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობის და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა“ ჩატარდა. კვლევის მთავარ ინდიკატორებს წარმოადგენდა მოსახლეობაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრესის შეფასება; B ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობის განსაზღვრა ვაქცინაციის პროგრამის გავლენის შესაფასებლად და SARS-CoV-2-ით ექსპოზიციის ზოგადი მაჩვენებლების დადგენა, რომლის შედეგებიც წარედგინება საზოგადოებას.