title
უაღრესად მისასალმებელია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზციის უახლეს ანგარიშში მოყვანილი მონაცემები საქართველოს შესახებ და იგი დასტურია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ წარმოებული ერთობლივი სამუშაოებისა ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
საქართველო, როგორც მაკროეკონომიკური, ასევე ჯანდაცვის ინდიკატორების (Health indicators) მაჩვენებლებით დიდად არ განსხვავდება ევროპის რეგიონის საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობისაგან, ხოლო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები არ აღემატება მედიანურ ევროპულ მონაცემებს, შესაბამისად, მიუღებელი გახლდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის (Health Statistics 2016) მიხედვით საქართველოსათვის მიკუთვნებული ყველაზე მაღალი ინდექსი ატმოსფერული და შენობისშიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის წილის შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, 2016 წლის ივლისში საქართველოს ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისია, რომელმაც გამართა შეხვედრები საქართველოს მთავრობის კომპეტენტურ უწყებებთან არსებული ვითარებისა და უახლოესი მონაცემების შესწავლის მიზნით, რადგან ანგარიშში მოყვანილი გაანგარიშება მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. იმავე წლის სექტემბრის მიწურულს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული იქნა განახლებული მონაცემები საქართველოს შესახებ და შეიცვალა ინდექსი, თუმცა სამუშაოები ამით არ ამოწურულა და უკანაკნელი 2 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობა თანამშრომლობა და მონაცემების გაცვლა, რათა საქართველოსთან დაკავშირებული შემთხვევის შესწავლა გამოყენებულიყო გაანგარიშების მეთოდოლოგიის დასახვეწად.
მიმდინარე წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპის ცენტრის ბონის ოფისის ეგიდით ჩატარებული იქნა კონსულტაციების საბოლოო რაუნდი ე. წ. ეროვნული კონსულტაცია საქართველოსთვის, გაეროს მდგრადი განვითარების 3.9 მიზნის ინდიკატორის უახლესი გაანგარიშების მონაცემების შესახებ, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ჩატარებულმა სამუშაოებმა ასახვა ჰპოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში Health Statistics 2018, რომლის თანახმად ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით საქართველო 70-ე ადგილზეა.
2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, ამოქმედდა და იზრდება ქრონიკული დაავადებების წამალთუზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო დახმარებით იქნა შემუშავებული გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEHAP-2). აღნიშნული ინსტრუმენტები მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდიკატორების მაჩვენებლთა რეალური გაუმჯობესებისაკენ, რაც მომავალში ასევე გააუმჯობესებს საქართველოს შესაბამის რეიტინგებს სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში.